ახალი ამბები

მუსლიმთა სამმართველო, თბილისის სინაგოგა და ეზიდთა საბჭო პრაიდის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ

4 ივლისი, 2021 • 4206
მუსლიმთა სამმართველო, თბილისის სინაგოგა და ეზიდთა საბჭო პრაიდის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შემდეგ, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო განცხადებები ზოგიერთი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს სცემენ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, “საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავსმოხვევასთან”.

“ის, რასაც გეგმავენ ე.წ. “პრაიდის” ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით. დავძენთ იმასაც, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო. მსგავსი “პრაიდები” კი მიზნად ისახავს არა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის, კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით”, — ნათქვამია განცხადებაში.

მუსლიმთა სამმართველოს განცხადება ჰომოფობიურად შეაფასა “სოლიდარობის თემმა”.

“დღეს, “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს” ვებ-გვერდზე გაზიარებულ იქნა ლგბტქ+ “პრაიდის” საწინააღმდეგო განცხადება, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში მოთხოვნილი იყო, რომ არ დაშვებულიყო “პრაიდის” გამართვა. რადგანაც “სოლიდარობის თემისთვის” მიუღებელია ადამიანების რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, დავუკავშირდით “სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს”, საკითხის გარკვევის მიზნით. ჩვენი მხრიდან, მკაცრად იქნა დაგმობილი განცხადების შინაარსი და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მიუღებელია მუსლიმი თემის სახელით, მსგავსი, ძალადობის წამახალისებელი განცხადება კეთდებოდეს”, — განაცხადა “სოლიდარობის თემმა”.

“სოლიდარობის თემის” ცნობით, მათთან კონსულტაციის შემდგომ, სამუფთო გაემიჯნა აღნიშნულ განცხადებას, რის გამოც იგი ოფიციალური გვერდიდან წაიშალა. თუმცა რამდენიმე-საათიანი პაუზის შემდეგ, განცხადება ისევ გამოჩნდა მუსლიმთთა სამმართველოს ვებ-გვერდზე.

“ტექნიკური ხარვეზის გამო განცხადება დროებით მიუწვდომელი იყო ინტერნეტ მომხმარებლებისათვის”, — ვკითხულობთ შენიშვნაში.

“ღირსების მარშის” წინააღმდეგ მუსლიმთა სამმართველოს იდენტური შინაარსის განცხადებები გაავრცელეს თბილისის დიდმა სინაგოგამ და ეზიდთა სასულიერო საბჭომაც.

ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიაჩნია, რომ ლგბტ პრაიდის ჩატარება ეწინააღმდეგება ეზიდთა სარწმუნოების ფუნდამენტურ ფასეულობებს, თუმცა ძალადობას ემიჯნება.

“ცხადია, ჩვენი რელიგური შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას. ის, რასაც გეგმავენ ამ პარადის ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენს მორალთან და უპირისპირდება ჩვენს ტრადიციაში განმტკიცებულ ღირებულებებს. ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი საკონსტიტუციო უფლებები, პატივს ვცემთ ადამიანის ამოსავალ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას”, — ნათქვამია ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადებაში.

თბილისის დიდი სინაგოგაც აცხადებს, რომ საქართველოში ლგბტ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო და მსგავსი “პრაიდები” მიზნად ისახავს არა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ ფინანსური სარგებლის მიღებას, ორგანიზატორთა მცირე ჯგუფის სასარგებლოდ.

“ამისთვის ისინი არ ერიდებიან ამ საკითხის ირგვლივ ხელოვნური კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით. ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. “პრაიდის” ჩატარება. მივმართავთ საერთშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებთ საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული”, — ნათქვამია თბილისის სინაგოგის განცხადებაში.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, თბილისისი დიდი სინაგოგის და ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადებები “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ საკუთარ გვერდზე გააზიარა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა.

შენიშვნა: სტატიის სათაურში და ტექსტში თავდაპირველად ეწერა, რომ სოლიდარობის თემის პროტესტის შემდეგ მუსლიმთა სამმართველომ წაშალა განცხადება პრაიდის წინააღმდეგ”, თუმცა სტატია დარედაქტირდა მას შემდეგ, რაც მუსლიმთა სამმართველომ განცხადება აღადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი