ახალი ამბები

ანგლიკანური ეკლესია “თბილისი პრაიდს” მხარდაჭერას უცხადებს

4 ივლისი, 2021 • 1265
ანგლიკანური ეკლესია “თბილისი პრაიდს” მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ანგლიკანურმა თემმა “თბილისი პრაიდს” მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ჩვენი ეკლესია მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას და შესაბამისად,  მხარს უჭერს თბილისი პრაიდს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან პრაიდის მონაწილეები ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისგან. ყოველი ადამიანი თანასწორია, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა”, — ნათქვამია ანგლიკანური ეკლესიის განცხადებაში.

1-5 ივლისს “თბილისი პრაიდი” პრაიდის კვირეულს მართავს. პრაიდის კვირეული პირველ ივლისს, ფილმის ჩვენებით დაიწყო. ღონისძიების პარალელურად, ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ ჩვენების მონაწილეებს. პოლიციამ არაერთი მათგანი დააკავა.

კვირეულის ფარგლებში, 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “ღირსების მარშია” დაგეგმილი. კიდევ მისი დაანონსებიდან მალევე, გაისმა და ახლაც ისმის ჰომოფობიური განცხადებები და ღონისძიების ჩაშლის მოწოდება კონკრეტულ პირთა მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქციას დააანონსა. წმინდა სინოდის წევრების ნაწილმა “თბილისი პრაიდზე” და კონტრაქციაზე წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა პოლიციას დააკისრა და თქვა, რომ ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს შემდეგ, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო განცხადებები საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ, ეზიდთა საეკლესიო საბჭომ და თბილისის დიდმა სინაგობამ გაავრცელეს.

მუსლიმთა სამმართველო, თბილისის სინაგოგა და ეზიდთა საბჭო პრაიდის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი