ახალი ამბები

“ეს ფორმა მიუღებელია” – “საქნახშირი” მუშების პროტესტზე და პროფკავშირის პასუხი

3 ივლისი, 2021 • 1197
“ეს ფორმა მიუღებელია” – “საქნახშირი” მუშების პროტესტზე და პროფკავშირის პასუხი

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ტყიბულის შახტის თანამშრომელთა ნაწილის პროტესტთან დაკავშირებით კომპანია “საქნახშირი” განცხადებას ავრცელებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მიუღებელია “სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმა”, თანამშრომელთა ნაწილის მოთხოვნის საპასუხოდ კი, რაც ხელფასის 300 ლარით გაზრდას გულისხმობს, დამსაქმებელი პრემიებისა და ბონუსების სისტემაზე საუბრობს. ამ პათოსს პროფკავშირებში არ იზიარებენ.

რა თქვა კომპანიამ?

პროტესტი ტყიბილში 3 ივლისის დილით დაიწყო.

“როგორც თავად [დასაქმებულები] ამბობენ, ამჟამად მათი ხელფასი შეადგენს 450-800 ლარს (პოზიციების მიხედვით), რაც მათი თქმით შესრულებული სამუშაოს სიმძიმისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი არ არის”, – ამბობდნენ პროფკავშირებში.

პროტესტის ფონზე, ჩატარდა კომპანია “საქნახშირის” საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც, კომპანიის განცხადებით, მოთხოვნების დაფიქსირების ეს ფორმა არ მოიწონეს.

“…ხელფასების გაზრდის მოთხოვნის გამო თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ზიანს აყენებს კომპანიის მუშაობას, განაპირობებს საწარმოო პროცესის შეფერხებას და პირდაპირ აისახება მთლიანად საწარმოს ივლისის თვის ბონუსებზე.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით „საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭოს კომიტეტების სხდომა ჩატარდა, მოხდა არსებული სიტუაციის განხილვა.

საბჭოს წევრები (საბჭო დაკომპლექტებულია მეშახტეებით და მისი წევრების არჩევა მეშახტეების მიერ მოხდა), შეთანხმდნენ, რომ საჭიროა კონსტრუქციული დიალოგი, პროტესტის ეს ფორმა არ არის საკითხის გადაწყვეტის ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეტიც, მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საწარმოს ტექნიკურ უსაფრთხოებას და ფინანსურ მდგომარეობას.

…სწორედ ამიტომ, კომიტეტის წევრები მხარს არ უჭერენ მეშახტეების მიერ სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის ფორმატს და არ იწონებენ მათი მხრიდან საკითხის კონსტრუქციულად, საკონსტიტუციო საბჭოს მეშვეობით გადაწყვეტაზე უარის თქმას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მუშების პროტესტზე ისაუბრა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაილ სოცკიმაც, რომლის თქმითაც, პროცესში “მხოლოდ საშახტო ტრანსპორტის უბნის” თანამშრომლები არიან ჩართულნი. მანვე დასძინა, რომ ზემოხსენებული მოთხოვნები ” უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხები 100%-ით გადაწყვეტყილია”.

” საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხის და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან.

დიდი ხანია მივდივართ ამ თემისკენ. ჩვენ არ გვაქვს ასეთი გაგება რომ გაზარდოს ხელფასი 300 ლარით თუ სხვა ოდენობით, რადგან შექმნილია სპეციალური პრემირების და ბონუსური სისტემა. ის საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100% გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, თუ ყველა მაჩვენებელი სრულყოფილად იქნება შესრულებული, პრემიები შეიძლება 300 ლარზე მეტიც იყოს.

ის ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე, არღვევენ უსაფრთხოების წესებს, და მერწმუნეთ ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრია (იყო შემთხვევა როცა არ იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილზე, ეძინათ სამუშაო ადგილზე, ან საერთოდ აცდენენ და შემდეგ უფასო შვებულებას აფორმებენ), ამიტომ შეიქმნა სპეციალური სისტემა და ვინც სრულყოფილად ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, იქნებიან პრემირებულები და მიიღებენ ბონუსებს”, – დასძინა მან.

სოცკიმ ასევე თქვა, რომ პროცესში, მთლიანობაში, “30-40 ადამიანია” ჩართული.

რას პასუხობენ “საქნახშირს” პროფკავშირებში?

პროფკავშირების გაერთიანებაში, სადაც იზიარებენ შახტის თანამშრომელთა მოთხოვნებს, აცხადებენ, რომ საკონსულტაციო საბჭოში მათი წარმომადგენელიც შედის და ის ზემოხსენებულ სხდომას ესწრებოდა, სადაც ხაზი გაუსვა ორგანიზაციის სურვილს, ყველა საკითხი მოლაპარაკების გზით გადაიჭრას.

“მაგრამ როცა საუბარი დაიწყო იმაზე, რომ საკონსულტაციო საბჭოს გაფიცვა უარყოფითად შეეფასებინა და ეჭვქვეშ დაეყენებინა გაფიცვის კანონიერება, პროფკავშირის წარმომადგენელმა დატოვა სხდომა და ხელი არ მოაწერა იმ ოქმს, რომელსაც ადგენდნენ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამაზ დოლაბერიძემ, “მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების” თავმჯდომარემ.

დოლაბერიძე ხაზს უსვამს, რომ 3 ივლისს შახტის თანამშრომელთა მიერ დაწყებული პროტესტი წარმოადგენს კანონიერ გაფიცვას, ვინაიდან აღნიშნულს წინ უძღოდა წარუმატებელი მედიაცია კომპანიასა და დასაქმებულებს შორის.

მისივე განცხადებით, პროფკავშირებს არაფერი აქვთ ბონუსების სისტემის საწინააღმდეგო, თუმცა დასაქმებულებს ურჩევნიათ, ეს თანხა ფიქსირებულად მიიღონ.

“ჩვენ ბონუსების სისტემის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ მეშახტეებს ვეთანხმებით იმაში, რომ თუ რამეს დამიმატებ, მირჩევნია, მქონდეს ტარიფში ასახული და ეს არ იყოს სათუო, მივიღებ თუ არა.

პრობლემა ამაშია, რომ ბონუსისა თუ პრემიის დამატებული თანხები არ აისახება არსად: არც შვებულებაში, არც ბიულეტენზე გასვლისას… ან დავუშვათ, რაღაც ინდექსაცია და მატება თუ მოხდა, არც ამ შემთხვევაში ეხება არაფერი. დასაქმებულს ძველი ტარიფი რჩება და ის ბონუსური სისტემა არ შედის ამ ტარიფში. კი ვიღებ, მაგრამ ტარიფში არ აისახება და ეს პრობლემას ქმნის.

ამიტომ, დასაქმებულებს ურჩევნიათ, თუ რამე დაემატებათ, შევიდეს ტარიფში”, – აღნიშნავს დოლაბერიძე.

ის აკრიტიკებს კომპანიის განცხადების იმ ნაწილსაც, რომელშიც დასაქმებულთა ნაწილის მიერ სამუშაოდ არაკეთილსინდისიერად შესრულებაზეა საუბარი.

“თუ ვინმე წესრიგს არღვევს, მათ ხელშია დასჯის მექანიზმები: გნებავთ შიდა რეგულაციები და გნებავთ საკანონმდებლო მექანიზმები. ესე იგი, ვიღაცები დისციპლინას არღვევენ, ესენი არ სჯიან და გაფიცვისას იყენებენ ამ არგუმენტებს? სისულელეა და არაფერ შუაშია შექმნილ ვითარებასთან”, – დასძენს ის.

პროფკავშირებში არც იმას ადასტურებენ, რომ გაფიცვაში მხოლოდ 30-40 ადამიანი მონაწილეობს. თამაზ დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ გაფიცვას მოძრაობის უბანსა და ზედაპირულ კომპლექსში დასაქმებული 400-მდე ადამიანი შეუერთდა და არ შეიძლება, კონკრეტულ ლოკაციაზე მდგომი გაფიცულების რაოდენობით პროტესტის მონაწილეთა მთლიანი რაოდენობა შეფასდეს:

“რაც უნდა სრულმასშტაბიანი გაფიცვა იყოს, ყველა გაფიცული არასდროს დგას იქ. ერთმანეთს ენაცვლებიან. მიდიან და მოდიან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი