ახალი ამბები

ტყიბულში შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ – პროფკავშირები

3 ივლისი, 2021 • 1085
ტყიბულში შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ – პროფკავშირები

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის წარუმატებელი მედიაციის შემდეგ, ტყიბულის შახტის თანამშრომელთა ნაწილი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა. ინფორმაციას “მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები” ავრცელებს.

“როგორც თავად [თანამშრომლები] ამბობენ, ამჟამად მათი ხელფასი შეადგენს 450-800 ლარს (პოზიციების მიხედვით), რაც მათი თქმით შესრულებული სამუშაოს სიმძიმისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი არ არის”, – დასძენს ორგანიზაცია.

როგორც “ნეტგაზეთს” ხსენებული პროფკავშირის ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი, რომლებიც შპს “საქნახშირის” მოძრაობის უბანსა და ზედაპირულ კომპლექსში არიან დასაქმებულნი. პროცესი 3 ივლისის 06:00 საათიდან დაიწყო.

“სიტუაცია უცვლელია. ჯერ კომპანიისგან გამოხმაურება არ არის, თუმცა მისი პოზიცია ცნობილია: მედიაცია უშედეგოდ დამთავრდა, კომპანიამ უარი თქვა ხელფასების მომატებაზე და ამან მიიყვანა ხალხი გაფიცვამდე”, – აღნიშნავს ის.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შპს “საქნახშირს”, სადაც გვითხრეს, რომ კომპანიის პოზიცია მოგვიანებით, საკონსულტაციო საბჭოს შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი