ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

„დღე-დღეზე ველოდებით გამოსახლებას“ – „ოქროს უბნის“ მცხოვრებლები

26 იანვარი, 2021 • 2740
„დღე-დღეზე ველოდებით გამოსახლებას“ – „ოქროს უბნის“ მცხოვრებლები

ჩუღურეთში, „ოქროს უბანში“, ერთი მხრივ, ჩუბინაშვილისა და ნინოშვილის, მეორე მხრივ კი, კონსტიტუციის და ფოცხვერაშვილის ქუჩებს შორის მოქცეულ კვარტალში დარჩენილ მოსახლეობას ფართების დასაცლელად ერთკვირიანი ვადა მისცეს.

ეს ტერიტორია, რომელიც თვეების წინ მერიას ეკუთვნოდა, 2020 წლის დეკემბრის ბოლოს შეისყიდა მილიონერმა ბიზნესმენმა, თემურ უგულავამ, რომლის სახელსაც უკავშირდება „აჭარა ჯგუფი“, „ფაბრიკა“, „რუმს ჰოტელი“ და სხვა არაერთი მომგებიანი ბიზნესი. ფართი „ფაბრიკისგან“ დაახლოებით 1კმ-ითაა დაშორებული — ის პარალელური ქუჩის დასაწყისში მდებარეობს.

25 იანვარს ბრიფინგზე ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, რომ მერია ოჯახებს მოუწოდებს, „შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფართის დაცლა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან თქვა, მერიას „მოუწევს, მიმართოს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის“. მათ, სავარაუდოდ, ძალით გამოასახლებენ.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ბინების დაცვლის სანაცვლოდ არაფერს სთავაზობენ, ნაწილი კი მიუთითებს, რომ მრავალსულიანი ოჯახების უზრუნველსაყოფად მერიის შეთავაზებული 300-ლარიანი ქირა და 15 000-იანი კომპენსაცია საკმარისი არ იქნება.

შენობაში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველი ადამიანები გასახლებას დღე-დღეზე ელიან. ასეთი, სულ მცირე, 16 ოჯახია იქ დარჩენილი.

მარინე და ვაჟა ცოფურაშვილები

57 და 67 წლის მარინე და ვაჟა ცოფურაშვილები დიდი ხნის დაქორწინებული არიან. ამბობენ, რომ წლების წინ სწორედ ამ შენობაში, მაშინდელ სპორტულ კოლეჯში მუშაობდნენ, 1998 წლიდან კი იქ შესახლებული არიან.

გვიამბობენ, რომ მათ ოჯახში 14 ადამიანი ცხოვრობს: „ორნი ჩვენა ვართ, შვიდი შვილი გყავს, ერთიც მოხუცი გვყავს, სამი რძალი და ერთიც შვილიშვილი. და კიდევ 2 შვილიშვილს ველოდებით“. აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი;

მათი მონათხრობის თანახმდ, მერიის/გამგეობის წარმომადგენლებმა შესთავაზეს ქირით დაკმაყოფილება — თვიურად 300 ლარით, ასევე, 60 ათასი ლარი, თუმცა, მათი თქმით, ეს თანხა საკმარისი არ იქნება:

„სად ვიქირავოთ 300 ლარად ბინა? ან რა გავაკეთოთ მაგ ფულით? კი, მაქსიმუმ, ვიყიდოთ 2-ოთახიანი ბინა. სად დავტიოთ 14 სული?.. არ გვაინტერესებს, შეჭრილები ხართ და თქვენა ხართ ერთი ოჯახიო“…

მათი ცნობით, სხვადასხვა დროს ამ შენობაში მცხოვრები ადამიანების ნაწილმა, როგორც დევნილებმა, ისე სოციალურად დაუცველებმა, სხვდადასხვა პერიოდში ბინა ან ფულადი უზრუნველყოფა მიიღეს, ახლა კი იქ 16 ოჯახია დარჩენილი — 10 სოციალურად დაუცველი, 6-იც, დევნილის სტატუსის მქონე.

„მკურნალობის ვალების გამო ბინის გაყიდვამ მოგვიწია“

ნუკრი ნიჟარაძე უსინათლოა. ის შენობის მეორე სართულზე, საშუალო ზომის ბინაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად. ადრე აქ ნუკრის დედ-მამაც ცხოვრობდა ძმის ოჯახთან ერთად, თუმცა მამა გარდაიცვალა, დედა კი მეორე შვილის ოჯახთან არის მიწერილი — ასევე, სახელმწიფოს გადაცემულ ბინაში.

საქმე ისაა, რომ ნუკრი ნიჟარაძის სამსულიან ოჯახსაც გადასცეს ბინა 2018 წლის 15 სექტემბერს, თუმცა მამის ავადმყოფობის [ხორხის სიმსივნე] გამო დაგროვებული ვალების დაფარვის მიზნით კვლავ სესხის აღება მოუწიათ.

სესხი კერძო იპოთეკარისგან აიღეს, სესხის ვერდაფარვის გამო კი იძულებულნი გახდნენ, სახელმწიფოსგან მიღებული ეს ბინა გაეყიდათ, თანაც არასაბაზრო ფასად — 18 ათას დოლარად. დარჩენილი თანხით კი ნუკრი პოლონეთში წავიდა თვალზე სამკურნალოდ…

ნუკრი ვერ მუშაობს, არც მეუღლეა დასაქმებული, შვილი კი ჯერ არასრულწლოვნია. შემოსავალი დევნილის შემწეობაა. ოჯახის თანახმად, მათ ახლა ფიზიკურად წასასვლელი აღარ აქვთ, რადგან ნუკრის ძმის ოჯახში ისედაც მჭიდროდ არიან.

„ყველანაირად მადლობელები ვართ, უკმაყოფილების გამოხატვა როგორ შეიძლება, ყველანაირად დაგვეხმარნენ, მაგრამ ასე მოხდა… იმედს ვიტოვებთ, იქნებ კიდევ იყოს რამე, თორემ ამ ზამთარში ქუჩაში გასვლა რთულია“…

ნუნუ წიფიანი

ნუნუ წიფიანი დევნილია, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარადან. „43 წელია, ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე ერთად. ამ ომმა ლტოლვილები გაგვხადა და წლებია, თავშესაფარი გვაქვს აქ, ჩუბინაშვილის 52-ში“.

ნუნუ წიფიანსა და მის მეუღლეს სამი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ორი დაოჯახებული არ არის, ერთ-ერთს კი მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

„ჩემი შვილი, ცოლშვილიანი, — ხუთსულიანი ოჯახი, — დააკმაყოფილეს 60 კვადრატული ფართის ბინით „დირსში“. მაშინ იქ საბუთებში მეც მიმაწერეს, რომ თითქოს მათთან ვიყავი, ანუ საბუთით ჩემ ქმარს და დანარჩენ ორ შვილს მომაცილეს. მიმაწერეს ამ დაკმაყოფილებულ ოჯახს. მითხრეს, შენ ხარ დაკმაყოფილებული იმ შვილთანო. სინამდვილეში, ჩემ ქმარს არ მოვშორებივარ“…

„ახლა რას მეუბნებიან, რომ მე ქმართან და ამ ორ შვილთან — 40 წლის, ნაოპერაციებ, მოსავლელ კაცთან, და 22 წლის გოგოსთან ერთად, ავდგე და მეორე შვილის ხუთსულიან ოჯახში წავიდე? სად დავეტიოთ იმ პატარა ბავშვებთან ამდენი ადამიანი“?

„ჩემთვის 300 ლარიც არა აქვთ შეთავაზებული, მაგრამ რომც შემომთავაზონ, არ ვიქნები თანახმა… როგორ უნდა ვიცხოვროთ ეგრე?.. აფხაზეთში მე მქონდა ჩემი ნაშრომი ორი სახლი. ჩაიხედონ რუკაში და გადახედონ, რა სახლები მქონდა მე იქ. და თუ ეს მემადლება, რომ ბინა მომცენ მე და ჩემ ქმარს, პასუხი გამცენ და მითხრან პირდაპირ“…

„თვალში ნაცრის შეყრაა“

დიმა და ქეთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია, სოცილურად დაუცველის სტატუსით. მათ ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. მათაც 21 იანვარს მიიღეს შეტყობინება, რომ ბინა 7 დღეში უნდა დაცალონ.

სანაცვლოდ მათაც, როგორც სოციალურად დაუცველებს, 300 ლარი შესთავაზეს, ასევე, 15000 ლარი ბინის საყიდად, რაც სხვა შემოსავლის, ფაქტობრივად, არარსებობის ფონზე არაფერში ეყოფათ:

„10 წელია ვცხოვრობთ აქ. შემოგვიყვანეს დენი, გაზი. გვაძლევდნენ იმედს [რომ დაგვიკანონდებოდა]. როცა შევედით, არ ყოფილა სხვისი და დაგვრთეს ნება, რომ აქ ვყოფილიყავით.

ვიღაცას ხომ გადაუხადეს კომპენსაცია? გადაეხადათ ჩვენთვისაც და დავცლით ამ ფართს, არაა პრობლემა. გადაგვიხადონ ისე, რომ წავიდეთ და მოვახერხოთ ბინის ყიდვა. 15 000-ად სად რას იყიდი“?

„ან ქირით 300 ლარად არ შეგვიშვებს არავინ თავის სახლში. ვართ 6-ნი, ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით. გვყავს ერთი ძაღლი, რომელსაც არავინ არ შეუშვებს თავის სახლში. ეგ კი არა, რომ იგებენ, რომ ბავშვები გვყავს, ბავშვებსაც ცოტა თუ შეუშვებს. თან 300 ლარად? მაგის გარდა, გამქირავებელი რომ იგებს, რომ სახელმწიფომ უნდა გადაგიხადოს, ეგ 300-იც არ გამოდის, არავინ გაძლევს იმიტომ, რომ ხშირად არც აქვთ ეს შემოსავლად დაფიქსირებული; თან რომ იგებენ, 4 ბავშვი გვყავს.

ფაქტობრივად, ახლ გვეუბნებიან, ქუჩაში გადითო… თვალში ნაცრის შეყრაა ეს შემოთავაზებები. ერთი კვირა მოგვცეს დაცლისათვის. და ასე 2-3 დღეში ველოდებით“…

„კანონიერი მესაკუთრე“

შენობა-ნაგებობის მისამართია ჩუბინაშვილის 52/კონსტიტუციის 6. ის ექცევა იმ ტერიტორიაში, რომელიც ამჟამად ბიზნესმენ თემურ უგულავას [„რუმსი“, „ფაბრიკა“] კომპანია „სითი ლოფტს“ ეკუთვნის.

მოსახლეობა და აქტივისტები წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ.

ტერიტორია 2020 ივლისამდე ქალაქ თბილისს ეკუთვნოდა, თუმცა 2 ივლისს ეს ტერიტორია მერიის განკარგულების საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

2020 წლის დეკემბერში სააგენტომ ეს ტერიტორია სიმბოლურ ფასად მიჰყიდა თემურ უგულავას კომპანია „სითი ლოფტს“. „სითი ლოფტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრეა ბიზნესმენი თემურ უგულავა, „აჭარა გრუფის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ, „აჭარა გრუფის“ ქოლგის ქვეშ ისეთი ბიზნესები შედის, როგორიცა Holiday Inn, Stamba, Rooms Hotel და ა.შ..

„არავინ მოსულა“

ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ 25 იანვარს განაცხადა, ფართის მფლობელი კომპანია „გამოთქვამს სურვილს, რომ ფინანსური დახმარება გაუწიოს იმ ოჯახებს, ვისაც ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ“.

როგორც „ნეტგაზეთს“ უთხრა ადგილობრივების ნაწილმა, მათთან ინვესტორის წარმომადგენელი არ მისულა.

ცენტრ-პოინტის საკითხი

როგორც „ნეტგაზეთს“ ქონების ეროვნული სააგენტოდან მისწერეს, „მიწის ერთ ლარად გადმოცემის სანაცვლოდ, ინვესტორმა ვალდებულებად აიღო, ერთი მხრივ, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვის – 18 700 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდაზე (მერიის პროგრამა), ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა განსახლებისთვის 1 300 000 ლარი გადარიცხოს მერიის ანგარიშზე“.

„ცენტრ პოინტის“ დაზარაბული მოქალაქეები აქციას მართავენ. 14 მაისი, 2016, ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სააგენტოს ცნობითვე, „კომპანია გეგმავს აღნიშნულ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას და სარეკრეაციო არეალის შექმნას (სავაჭრო ობიექტი, რეკრეაციული კუთხე, კვების ობიექტი და ა.შ.). დღეს, ფაქტობრივად, აღნიშნული ტერიტორია აღარ წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს (თუმცა, ფორმალურად, ეს სტატუსი შერჩა, რაც არ კრძალავს პრივატიზაციას)“, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ქონების მართვის სააგენტოში.

[ეს არ ითვალისწინებს „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების ოქროსუბანში ჩასახლებას, რაც წინა გეგმით, როცა საქმეში m2-ის შესვლა განიხილებოდა].


„კორპუსები არ აშენდება“ – „მულტიფუნქციური სივრცე“

2020 წლის დეკემბრის ბოლოს „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე „კორპუსები არ აშენდება“ და „განაშენიანება მოხდება რეკრეაციული და საზოგადოებრივი ფუნქციების გათვალისწინებით“.

აღსანიშნავია, რომ ადრე ამ ტერიტორიის გადაცემა კომპანია m2-თვის იგეგმებოდა, რომელსაც „ცენტრ პოინტთან“ შეთანხმების საფუძველზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება სურდა.

ზემოხსენებული მემორანდუმი ითვალისწინებდა „ცენტრ პოინტის“ მიერ წამოწყებული გაჩერებული მშენებლობების დასრულებას და 4000-მდე ბინათმესაკუთრის დაკმაყოფილებას. ამ გეგმის თანახმად, ამ ადგილას უნდა აშენებულიყო კომპლექსი, რომელიც რენდერით ასე გამოიყურებოდა:

პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ ადგილობრივების ნაწილი და აქტივისტები. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორია ერთადერთი შესაძლებლობაა, უბანს სარეკრეაციო სივრცე ჰქონდეს.

რას ამბობს კომპანია?

„ნეტგაზეთმა“ გეგმებთან დაკავშირებით წერილობითი კითხვები გაუგზავნა „აჭარა გრუფსაც“. კომპანიამ 2020 წლის ბოლოს გვიპასუხა:

„შპს „სითი ლოფტის„ გუნდი აცნობიერებს მდგრადი ურბანული რეგენერაციისა და ქალაქში რეკრეაციული ზონების განვითარების აუცილებლობას. ამასთანავე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ინკლუზიურობა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ყველასთვის.

სწორედ ამიტომ, მულტიფუნქციური ობიექტის შესაქმნელად კომპანია არსებული შენობის განახლებას მოახდენს თბილისის ისტორიული უბნის კონტექსტში.

ამასთანავე, შპს „სითი ლოფტი“ ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო ზონის სტატუსს და შესყიდულ შენობაზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფეროვან ღია სივრცეებს განავითარებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ტურისტებისთვისაც“, – ნათქვამია წერილობით პასუხში.

რა გარანტია გვაქვს?

წლებია, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე სკვერის გაშენებას ითხოვს. ამ მოთხოვნით გაიმართა არაერთი შეხვედრა და აქცია, დაიწერა რამდენიმე განცხადებაც, თუმცა მერიამ ეს ნაბიჯი არ გადადგა.

ქალაქდამგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ერთ-ერთია იმ აქტივისტებს შორის, ვინც წლების განმავლობაში ითხოვდა ჩუბინიშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების კვეთაზე სკვერის გაშენებას.

„ეს ტერიტორია ათეულობით წლის განმავლობაში იყო ქალაქის, მხოლოდ ერთი მოკლე პერიოდი ეკუთვნოდა „ცენტრ პოინტს“, რომელსაც ეს ადგილი გარკვეული პირობებით გადაეცა. მაშინ კომპანიამ ეს პირობები ვერ შეასრულა და ადგილი ქალაქმა მას უკან წაართვა“, – იხსენებს ზურაბ ბაქრაძე.

ის გვიხსნის, რომ ამ კვარტალს ერთი საკადასტრო კოდი [01.16.01.009.001] აქვს, შესაბამისად, კომპანიამ იყიდა მთლიანი კვარტალი – თავისუფალი ადგილიცა და შენობებიც .

ამასთანავე, ზურაბ ბაქრაძის განმარტებით, ამ ადგილს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი აქვს – „ეს ნიშნავს, რომ სპეციალური შეთანხმებით შესაძლებელია ისეთი შენობების აშენებაც, როგორიცაა სასტუმრო, კაზინო და ა.შ. ფორმალურად, უგულავას შეუძლია მსგავსი რაღაცები ააშენოს, ან უკვე აშენებულ შენობებში განათავსოს ამგვარი დაწესებულებები“.

ზურაბ ბაქრაძე.

„ვინ არის იმის გარანტი, რომ ამ ადგილს უბნის ან ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გამოიყენებენ? გარანტია რად გვინდა, ფაქტია, რომ არ გამოიყენებენ.. ასეთ რაღაც ხომ უკვე მოხდა „ფაბრიკის“ მაგალითზე. ამ ადგილას, რეალურად, იქ მცხოვრები მოსახლეობა არ შედის, არამედ შედის საზოგადოების ერთი ფენა. უბნელების ჯიბესა და ინტერესებს ეს არ შეეფერება“, – დასძენს ზურაბ ბაქრაძე.

ის ამბობს, რომ „ფაბრიკის“ მსგავსად, ახლოს მდებარე ყოფილი პურის ქარხანაშიც იგივე გასართობი ტიპის დაწესებულება იქმნება.

„უბნისა და ქალაქის ინტერესებში რომ ყოფილიყო, ამისთვის საჭირო იყო ქალაქის საკუთრებაში შენარჩუნება, ბოლო-ბოლო, პატარა სკვერის გაკეთება, რომელიც ბევრი ფული არ დაჯდებოდა. ხალხი იმასაც ეუბნებოდა, ჩვენი ფულით გავაშენებთო…“.

ნახეთ ასევე:

აფრიკის დასახლება: რატომ უნდა სჭირდებოდეთ მოქალაქეებს მერისგან ბინა საჩუქრად?

მასალების გადაბეჭდვის წესი