ახალი ამბებიეკონომიკასამხრეთ კავკასიის ამბები

იუსტიციის სამინისტროს 22 შენიშვნა ნამახვანის კონტრაქტზე – “მთის ამბები”

25 მაისი, 2021 • 2111
იუსტიციის სამინისტროს 22 შენიშვნა ნამახვანის კონტრაქტზე – “მთის ამბები”

მედიასაშუალება “მთის ამბებმა” მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს მიერ იმ დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას სახელზე 2019 წლის მარტში გაგზავნილი დასკვნა, რომელიც ეხება „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებას. იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროები ამ დროისთვის დოკუმენტზე კომენტარს არ აკეთებენ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა შეიცავს 22 შენიშვნას.

დოკუმენტს ხელს აწერს იმ დროს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ დეტალურად არ ახსოვს, რა ეწერა დოკუმენტში.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. “მთის ამბების” მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 30 მარტს, 26 დღით ადრე გაეგზავნა.

რა წერია დოკუმენტში?

“ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მაშინ, როცა აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები”, – ნათქვამია დოკუმენტის პრეამბულაში.

მთავრობის ვალდებულება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით

იუსტიციის სამინისტროს მიერ გადაგზავნილ დოკუმენტში შენიშვნის სახით ნათქვამია, რომ ხელშეკრულების  დოკუმენტში წარმოდგენილი ჩანაწერი, რომ საქართველოს მთავრობა სრულ ვალდებულებას იღებს პროექტის განხორციელებაზე, უნდა შეიცვალოს.

“საქართველოს მთავრობისთვის კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის გათვალისწინებით, უნდა დაკონკრეტდეს, რომ საქართველოს მთავრობა “თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონეს იხმარს… “within its competence, use its best efforts” იმისთვის, რომ დაეხმაროს პროექტის განხორციელებას და არა – სრულ ვალდებულებას იღებს ამ პროექტის განხორციელებაზე, როგორც ეს 3.2.1. მუხლის წარმოდგენილ რედაქციაშია მოცემული”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში.

ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიის აღების ვალდებულებისგან გათავისუფლება

სამინისტროს მიერ გადაგზავნილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ “საქართველოს მთავრობის ვალდებულება – კომპანიის ლიცენზიის აღების ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე, საჭიროებს დამატებით შეფასებას, საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი კომპეტენტური უწყების პოზიციის გათვალისწინებით”.

დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ ლოგიკასაა მოკლებული ჩანაწერი, რომ მთავრობის ვალდებულება უზრუნველყოს მისივე მისამართით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიმართვის განხორციელება.

“სუვერენულ იმუნიტეტზე” უარის თქმის საფრთხე

სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიასთან დადებული 13.3.7 მუხლის თანახმად, “მთავრობა” საკუთარი სახელით და “საქართველოს სახელმწიფოს” და “საჯარო დაწესებულებების” სახელით აცხადებს და ადასტურებს, რომ აღნიშნული “ხელშეკრულებით” განსაზღვრული ყველა გარიგება წარმოადგენს მის/მათ კერძო სამართლებრივ აქტს და არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის თანახმად, მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, არსებობს რისკი, რომ ის განიმარტოს საქართველოს მთავრობის მიერ “სუვერენულ იმუნიტეტზე” უარის თქმად.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ხსენებული დებულება ამოღებულ იქნეს ხელშეკრულების პროექტიდან”, – ნათქვამია დოკუმენტში.

დავების განხილვის ადგილი – საერთაშორისო არბიტრაჟი 

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის თანახმად, მიზანშეუწონელია დავების გადაწყვეტის ფორუმად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს არჩევა.

მთავრობის ვალდებულება “ფორსმაჟორის” დროს კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ 

დოკუმენტი მიზანშეუწონლად ცნობს “ფორსმაჟორის” განმარტებას, რაც მისი შინაარსიდან გამომდინარე, მხარის დასჯის მექანიზმად გამოიყენება.

“ფორსმაჟორიდან გამომდინარე გარემოებების უმეტესობა, მათი წინასწარ განუსაზღვრელი ბუნებისა და მხარის ბრალის არარსებობის აღიარების მიუხედავად, მაინც მიემართება ხელშეკრულების ერთ მხარეს – საქართველოს მთავრობას, და, ასევე, წარმოადგენს მის პასუხისმგებლობას, ფორსმაჟორის “კომპენსირებად შემთხვევად” განმარტების პირობებში”, – ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის თანახმად, “არა-ფიზიკური” ფორსმაჟორი ვალდებულებებისგან ათავისუფლებს ჰესის მშენენებელ კომპანიას, მაგრამ არ ათავისუფლებს საქართველოს მთავრობასა და “შესაბამის საჯარო დაწესებულებებს”.

მთავრობის ფინანსური ვალდებულებები პროექტის სხვა მონაწილეების მიმართ

დასკვნის თანახმად, ხელშეკრულება იძლევა “პროექტის მონაწილეების” ფართო განმარტებას, აქედან გამომდინარე კი სახელმწიფოს ვალდებულებები ვრცელდება “პროექტის მონაწილეთა” ფართო წრეზე, რაც საჭიროებს დამატებით შეფასებას.

დასკვნის მიხედვით, სახეზეა მთავრობის მიერ “ისედაც მაღალი რისკი”, რომელსაც ის პროექტის შესრულების დროს იღებს.

“პროექტის მონაწილეები იძლევა ამ პირების საკმაოდ ფართო განმარტებას, განსაკუთრებით ამ დებულების ფარგლებში ნებისმიერ “კონტრაქტორზე” მითითების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მთავრობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ვრცელდება “პროექტის მონაწილეთა” ფართო წრეზე, რაც საჭიროებს დამატებით შეფასებას მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. აღნიშნული შენიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მთავრობის ისედაც მაღალი რისკი, კონკრეტული ვალდებულებების პროექტის არსებითი მონაწილეების მიმართ შესრულებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

მთავრობის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების შეწყვეტისას

სამინისტრო აცხადებს, რომ უნდა გადაიხედოს ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რომელიც, როგორც ცნობილია, კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ყველა შემთხვევაში მთავრობას აკისრებს. იუსტიციის სამინისტრო უთითებს, რომ ამ პირობების გადახედვისას მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინება.

ფართოდ განმარტებული ექსპროპრეაცია

დასკვნის თანახმად, შეთანხმება “საკმაოდ ფართოდ” განსაზღვრავს ექსპროპრეაციას, რის გამოც ეს განმარტება ამოღებული უნდა იყოს.

ექსპროპრეაციის შემთხვევა შინაარსი საკმაოდ ფართოა და გულისხმობს ისეთ შემთხვევებსაც, რომლებიც შესაძლებელია განიმარტოს “კანონმდებლობის ცვლილებად”, რაც ხელშეკრულების თანახმად, ცალკე სამართლებრივი კატეგორიაა. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ამ ტერმინის მე-3 ნაწილით განსაზღვრული გარემოებები ამოღებულ უნდა იქნეს ხსენებული ტერმინის შინაარსიდან, როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული მიზანშეუწონლობის გამო.

მთავრობის მიერ კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შეუძლებლობა

დადებული ხელშეკრულების თანახმად, “პირგასამტეხლო” წარმოადგენს “მთავრობებისთვის” ხელმისაწვდომ ერთადერთ და ექსკლუზიურ ფინანსურ საშუალებას, რაც “კომპანიის მიერ” არასაპატიო მიზეზით გათვალისწინებული “ეტაპის თარიღების” მიუღწევლობის შემთხვევაში გადაიხდება, თუმცა შეთანხმება ასევე განმარტავს იმას, რომ “ეტაპის თარიღები” შესაძლოა გაგრძელებულ იქნეს დროთა განმავლობაში ხელშეკრულების “პირობების” შესაბამისად.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება, რომ საპირგასამტეხლოს გადახდის პარალელურად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც, თუ ზიანი სახეზეა.

დასკვნაში შენიშვნის სახით ნათქვამია, რომ ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი სწორედ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.

იუსტიციის სამინისტრო შენიშვნის სახით ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ჰესის მუშაობის სრული პერიოდით განისაზღვრება, გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ტექნიკურ ხარვეზებზე და დაზუსტებებზეც, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დასკვნის თანახმად, უნდა დაკორექტირდეს.

ნახეთ შენიშვნები სრულად:

“ეს არის ანტისახელმწიფოებრივი”

სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ყოფილი EMC] სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, თათული ჭუბაბრიას განცხადებით, გავრცელებული დოკუმენტი აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის გასაფორმებელი დოკუმენტი იყო “კაბალური და სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო.”

“ეს დოკუმენტი აჩვენებს, რომ იუსტიციის სამინისტრო კრიტიკული იყო თავის შეფასებაში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ამ შეთანხმებას ხელი მოეწერებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძირითად ფისკალურ პუნქტებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულებას კრიტიკულად აფასებს. დასკვნის თანახმად, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტითაა გადაწყვეტილი კომპანიის მიერ გასაღები რისკი. შემაჯამებელი პასაჟებით, ის [იუსტიციის სამინისტროს დასკვნა] ხაზს უსვამს იმას, რომ ხელშეკრულების ამ რედაქციის თანახმად, სახელმწიფო თმობს მისსავე ინტერესებს”, – განუცხადა თათული ჭუბაბრიამ ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ამ დოკუმენტს.

“საინტერესოა, რა პროცესები უძღოდა წინ ამ დასკვნის დაფარვას. მათ არა მხოლოდ ოფიციალურად უნდა გაასაჯაროონ ეს დოკუმენტი, არამედ უნდა ახსნან ისიც, თუ რატომ იყო ხელმიუწვდომელი აქამდე”, – მიაჩნია ჭუბაბრიას.

მისივე თქმით, გავრცელებული დასკვნა მიანიშნებს იმაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს მომზადებული ფისკალური რისკების შესახებ დოკუმენტი. სადაც საკითხი ეხება მაღალ ფინანსურ პასუხისმგებლობას, იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს, რომ ამაზე ფინანსთა სამინისტროს პოზიცია უნდა იქნეს გათვალისწინებული.

“ხაზს გავუსვამ, რომ ეს არა მხოლოდ მოლოდინია, არამედ ეს არის კანონიერი ვალდებულება, როდესაც საჯარო-კერძო პარტნიორობის ტიპის ხელშეკრულება ფორმდებოდა, ეს აუცილებლად თანდართული უნდა ჰქონოდა ხელშეკრულებას, თუმცა ეს გასაჯაროებული არ არის. რეალურად, არც ვიცით, არსებობს, თუ არა ეს დოკუმენტი, რადგან ფინანსთა სამინისტროდან არავის განუცხადებია ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის შესახებ”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას იგი.

რას ამბობენ მმართველ გუნდში

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ  ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე მის მიერ ხელმოწერილი იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მოიცავდა რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებებზე იყო დამოკიდებული.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება სავალდებულო არ ყოფილა.

“მე ამ შენიშვნების შინაარსი დეტალურად არ მახსოვს. საკმაოდ ხშირად გაიცემოდა დასკვნა ასეთი ტიპის ხელშეკრულებებზე, ზოგჯერ- დადებითი, ზოგჯერ- უარყოფითი. ეს მუდმივად ხდებოდა და ამიტომ, მე მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა. კონკრეტულ დეტალებზე მაქვს საუბარი. თუმცა, რაც არის იქ საკითხები, იქნებოდა რჩევა მიცემული, რომლის შედეგადაც უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება საკითხებზე და ამის მიხედვით მომხდარიყო ხელშეკრულებების ცალკეული პირობების აწონ-დაწონვა.  მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ რეკომენდაციისა და შენიშვნის გათვალისწინება/არგათვალისწინების საკითხი.

მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს. იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა, რომ შეიძლება ყოფილიყო მოლაპარაკებების პროცესში ერთი მხარისგან  ან მეორე მხარისგან დასათმობი. ისე, როგორც, მაგალითად, სხვადასხვა საკითხი შეიძლება იყოს ხელშეკრულებაში. ამიტომ ეს უკვე მომლაპარაკებელ მხარეზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი რჩევა იყო კორექტული. შესაბამისად, რამდენად გამოვიდა ყველა შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება… სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ხოლმე მოლაპარაკების პროცესში. ამიტომ, ეს გასათვალისწინებელია”, — განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძე ამბობს, არ იცის, რამდენად მოხერხდა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება. მისი თქმით, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა.

ამასთან, სარჯველაძე აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია ნამახვანსჰესთან მიმართებით არ შეცვლილა.

“სამწუხაროდ, ხელშეკრულება არ არის პროცესი, როდესაც ერთ მხარეს შეუძლია მეორეს უკარნახოს პირობები. ეს, ჩვეულებრივ, შეთანხმების საგანია და ამიტომ არ ვიცი, როგორ გაითვალისწინეს გაცემული რეკომენდაციები. მე ვფიქრობ, ვერ მოხერხდებოდა, თუმცა კარგი იქნებოდა”, — განაცხადა სარჯველაძემ.

“აბსოლუტურად იდეალურად გამართული შეიძლება არ იყოს რომელიმე პროექტი. აქ უნდა ვისაუბროთ ხარვეზებსა და მის გამოსწორებაზე. პარლამენტის თავჯდომარეც ამიტომ იწვევდა [ვარლამ გოლეთიანს], რომ თუ რეალური ხარვეზი არის სადმე, ის უნდა გამოსწორდეს და არა ის, რომ საქართველოს ენერგეტიკა გაჩერდეს”, -განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მდინარაძემ.

“ასეთი მოთხოვნები არ უნდა დადგეს. თუ ვინმეს აინტერესებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოება, ამ ენერგოუსაფრთხოების რეალიზების დროს რაიმე ხარვეზი არ დავუშვათ, ამ ხარვეზებსა და შეცდომებებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, რომ გავაჩეროთ ქვეყანა და როდესაც ვიღაცას მოუნდება, შემდეგ ისევ დავიწყოთ ენერგოდამოუკიდებლობაზე ზრუნვა. ხარვეზი თუ რამეა, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროებს, რათა გადაემოწმებინა მედიაში გავრცელებული დოკუმენტის ავთენტურობა.

ასევე გვსურდა გაგვეგო, იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილი წერილის შემდეგ, მოხდა თუ არა მითითებული შენიშვნების გამოსწორება.

უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი