აშშ-ში ვიზიტად მყოფი, ფრაქცია “ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ “ვიზიტის შედეგად მივიღებთ არა მხოლოდ მკაფიო გზავნილებს, არამედ კონკრეტული ზეწოლის მექნიზმებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე მიშელის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად”.
სამადაშვილის თქმით, მათ დაიწყეს დისკუსია შესაძლო მინზნობრივ სანქციებზე იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ვინც კლანის” მუშაობას ხელს უწყობს.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორებისგან იქნება მკაფიო გზავნილები მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით.
“უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ზედმიწევნით შესრულდეს მიშელის შეთანხმება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინსვლისთვის არის მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, ძალიან ცუდად იქნება აღქმული”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ბადრი ჯაფარიძის, გრიგოლ გეგელიას და სალომე სამადაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წარმომადგენლებთან. ასევე, იგეგმება შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში.
“საუბარი გვქონდა, რომ შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა იმ მოსამართლეებთან მიმართებაში, ვინც ამ კლანის მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს. ეს არის ის დისკუსია, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან. მიგვაჩნია, რომ ზეწოლა უნდა გაიზარდოს ყველანაირი საშუალებებით, რომ ჩვენს ქვეყანას არ წაერთვას შანსი, მართლა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. არსებული სასამართლოს სისტემით, მაშინ, როცა კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ არსებობს, და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, საქართველოს არ აქვს შანსი, რომ წინ წავიდეს ნატოს მიმართულებით. ეს მოვისმინეთ მათ შორის სტრატეგიული მოკავშირეებისგან”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილის შეთანხმებაში უცველელი სახით დარჩა. კობახიძე ამბობს, რომ ამ გარემოების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მიიღეს თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოეწერათ ხელი და ანგარიში გაუწიეს ამ თხოვნას.
ამ თემაზე:
იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია დაინიშნა