კახა წიქარიშვილი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს იუსტიციის უმაღლესო საბჭოში მისი დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მზად აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი. თუმცა ვარაუდობს, რომ სასამართლო სხდომის დანიშვნა არჩევნებამდე გაიწელება.
“დღეს მივმართავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოვითხოვ ჩემი დანიშვნის შეჩერების შესახებ მოსამართლის განჩინების გაუქმებას […] მე ვფიქრობ, რომ ასამართლო დაელოდება არჩევნებს და არჩევნების შედეგების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა წიქარიშვილმა TV პირველთან საუბრისას.
კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 ივლისს დანიშნა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომელმაც საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება ჩაატარა, პრეზიდენტს ორი კანდიდატი წარუდგინა – წიქარიშვილი და გიორგი ბურჯანაძე. პრეზიდენტმა არჩევანი წიქარიშვილზე შეაჩერა. მისი დანიშვნიდან მალევე, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საბჭოს წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, მანუჩარ კოკოჩაშვილმა.
კოკოჩაშვილმა მოითხოვა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გაუქმება და ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც საბჭოს წევრი თავად გახდებოდა. გარდა ამისა, მან მოითხოვა სამართალწარმოების დასრულებამდე “ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა)”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ კოკოჩაშვილის მოთხოვნა 22 ივლისს დააკმაყოფილა. სწორედ იმ დღეს, როცა წიქარიშვილის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელება უნდა დაეწყო.