ახალი ამბები

“საგანგებო მდგომარეობისას მთავრობის საქმიანობა უფრო გაუმჭვირვალე გახდა” – საიას კვლევა

23 ივნისი, 2021 • 764
“საგანგებო მდგომარეობისას მთავრობის საქმიანობა უფრო გაუმჭვირვალე გახდა” – საიას კვლევა

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობა შეისწავლა.

კვლევის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, გამოიკვეთა ხარვეზები მთავრობის საქმიანობის როგორც ოპერაციულ, ასევე ნორმატიულ დონეზეც. შედეგად, ორგანიზაციის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანის უფლებებში ინტენსიური და არასასურველი ფორმით ჩარევა გარდაუვალი გახადა.

კვლევის ავტორების შეფასებით, საგანგებო მდგომარეობისას მინისტრთა კაბინეტის საქმიანობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს ეყრდნობოდა და ქვეყანა, ფაქტობრივად, სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა:

“მსჯელობის ეტაპზე ადამიანის უფლებების დამცველი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმი არ არსებობდა. პროცესიდან, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო პარლამენტიც” ,- ნათქვამია ანგარიშში.

დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებების წარდგენა კვლევის ავტორების მიერ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამაზიანებელ ფაქტორადაა შეფასებული.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ვხვდებით ისეთ ნორმებს, რომლებიც წინასწარ ადგენს საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლო განსახორციელებელ ქმედებებს. ეს ეხება მთავრობის ცალკეულ ნაბიჯებს, დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას, აგრეთვე, საგანგებო ბიუჯეტს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასეთი მოწესრიგება არ შეესაბამება საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციური რეგულირების ლოგიკას, რომლითაც ეს პროცესი მინდობილია პრემიერი-პრეზიდენტი-პარლამენტის აქტზე – დეკრეტზე:

“სწორედ ის ქმნის კონკრეტულ სიტუაციაზე ადაპტირებულ წესს და იმ მომენტისთვის საჭირო მასშტაბით გადაუხვევს ორდინალური კანონმდებლობიდან. ასეთი ზომებისა თუ მასშტაბების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, შესაბამისად, გაუმართლებელია მათი გაწერა უნივერსალური ნორმის სახით. 

სწორი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, ასეთი ჩანაწერები გაუქმდეს და მათი გადაწყვეტა დარჩეს საგანგებო კანონმდებლობას, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონმა კი შექმნას საგანგებო მდგომარეობის მთლიანი ციკლის მხოლოდ პროცედურული საფუძვლები” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევის ავტორების თქმით, პრეზიდენტის დეკრეტი გარკვეულ ღონისძიებებს თავად აწესრიგებს, ნაწილს კი აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცემს და უთითებს ორგანოს, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს.

თუმცა, საიას თქმით, ამის საპირისპიროდ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდისთვის იზოლაციისა და კარანტინის წესები დაამტკიცა დარგობრივმა სამინისტრომ, ნაცვლად მთავრობისა, როგორც ამას დეკრეტი ავალებდა:

“მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ თავი აარიდოს საკითხების დამატებით სუბდელეგირებას ქვემდგომ ორგანოებზე და დაიცვას ის პროცედურა, რომელსაც პრეზიდენტის აქტი გაუწერს” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, საია-ში აცხადებენ, რომ აუცილებელი იყო კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ ვერ გამოიყენა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ორდინალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი, რა პრინციპით შეარჩიეს საგანგებო მდგომარეობის ვადები როგორც თავდაპირველად, ისე მისი გახანგრძლივების დროს; რატომ ვერ გამოიყენეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, როგორც კრიზისების სფეროში პრემიერის სათათბირო ორგანოს ფორმატი და სამოქალაქო უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის მართვის საშუალებები.

გარდა ამისა, კვლევის ავტორების თქმით, მეტ არგუმენტაციას მოითხოვდა უფლებების შეზღუდვის საგანგებო ზომები – თითოეულ უფლებასთან დაკავშირებით რა მექანიზმები არ ჰყოფნიდა მთავრობას არსებული კანონმდებლობიდან და რატომ არ განიხილეს კანონებში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა:

“ამგვარად, მთავრობა ვალდებული იყო, მეტი არგუმენტაცია წარედგინა საზოგადოებისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და დახურულ ფორმატში არ გადაეწყვიტა ქვეყნის პირველი პირისთვის მისი შეთავაზების საკითხი” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

 რაც შეეხება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას, კვლევის ავტორების თქმით, საბჭო ფორმალურად არ იღებდა გადაწყვეტილებებს, მასზე საკითხები მხოლოდ განიხილებოდა, ხოლო მიღებულ რეკომენდაციებს ამტკიცებდა კაბინეტი (სამართლებრივი აქტის მიღების საჭიროების შემთხვევაში).

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მისი სხდომები დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და, როგორც გაირკვა, საბჭო სხდომების ოქმებს არ აწარმოებდა. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის მმართველი, ფაქტობრივად, ძირითადი ორგანოს საქმიანობა ბრიფინგებისა და სპეციალურად შექმნილი ვებგვერდების მეშვეობით დასტურდებოდა. კაბინეტის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილებების გაცნობაც მხოლოდ სამართლებრივი აქტებით შეიძლებოდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კვლევის ავტორებს არ ჰქონდათ წვდომა დღის წესრიგებზე, სხდომათა ოქმებსა და აქტების განმარტებით ბარათებზე:

“ამ ყველაფრის შეფასება შეუძლებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობის პარალელურად, არამედ რამდენიმე თვის შემდეგაც, რაც მთლიანობაში, მწვავე კრიტიკას იმსახურებს. 

კაბინეტის მუშაობის ისედაც დახურული რეჟიმი კიდევ უფრო ჩაკეტა უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის დოკუმენტურად დადასტურებული მასალების არქონამ/გასაიდუმლოებამ. ამან კი შეასუსტა საზოგადოების უკუკავშირის შესაძლებლობა თვეების მანძილზე მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი შტოს მიმართ”, – აცხადებენ დოკუმენტის ავტორები.

საიას განცხადებით, კვლევის უმთავრესი რეკომენდაცია სწორედ ამ პროცესს ეხება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საკითხთა სწრაფად და ერთი შეხედვით ქმედითი მექანიზმებით გადაჭრას არ უნდა შეეწიროს დემოკრატიის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიცაა მმართველობის გამჭვირვალობა, ღიაობა და საზოგადოების ჩართულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი