საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა პარლამენტში დღეს, 17 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, მოსამართლეთა დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმების განხილვა პარლამენტში არ დაიწყება. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ღიად წერია, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს.
„შეთანხმების შესაბამისად, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე. დოკუმენტში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ერთი შეხვედრის გარდა არ გამართულა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მან პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების დანიშვნისთვის კონკურსი გამოცხადდეს.
დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენად კონკურსის ბოლო ეტაპზე გადასული ცხრავე კანდიდატი შეარჩია. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ აირჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე.
მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ ჩერდება სასამართლო სისტემაშიც. დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კენჭს უყრიან თბილისის საქალაქო, სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნას.







