ახალი ამბები

ეპისკოპოსის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის ადგილზე მცირე ზომის ბავშვთა სახლებს მოაწყობენ

15 ივნისი, 2021 • 820
ეპისკოპოსის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის ადგილზე მცირე ზომის ბავშვთა სახლებს მოაწყობენ

ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდაში არსებული დიდი თავშესაფრის ნაცვლად საპატრიარქო მცირე ზომის, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს ააშენებს.

“„ძალიან საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ჩვენ. პირველ ეტაპზე ავაშენებთ რამდენიმე სახლს, სადაც იქნება ოჯახური გარემო და რაზეც იყო პრობლემა – 2022 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს ასეთი დაწესებულების ფუნქციონირება. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მსოფლიოშია მიღებული. ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტებით,“ – აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად ცოტა ხნის წინ დანიშნული ეპისკოპოსი ასევე აცხადებს, რომ თუ დარღვევებს აღმოაჩენენ, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და არ დასჭირდება “ვინმესთან შეთანხმება”.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ შეუშვებს დაწესებულებაში სახალხო დამცველს, რომელმაც დღეს, 15 ივნისს, დააანონსა კიდევ ერთი ვიზიტი პანსიონში, ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს:

„სანამ არ გავერკვევი, რა ხდება, ძალიან დასტრესილები არიან ბავშვები. მით უმეტეს, ახლა შემოვიდნენ სახალხო დამცველიდან და კითხვები დაუსვან… ახლა მუშაობენ სოციალური მუშაკები. მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან, სანდო ხალხია, ცოტა ხანს დაგვაცადონ. ჯერ თბილისში შევხვდებით, დავილაპარაკებთ ცივილურად. სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან, მართალი ვიქნები, რომ არავინ მიაკარონ ადვოკატის გარეშე. იმისთვის, რომ სიტუაცია დალაგდეს..“, — განმარტავს ეპისკოპოსი.

მისივე თქმით, “ძალოვნებთან” შეხვედრასაც გეგმავს, რათა გაარკვიოს, რამე სერიოზული “ფაქტები თუ არსებობს” ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი