ახალი ამბები

“ზედმეტი აჟიოტაჟი არავისთვისაა საჭირო” – იაკობი ომბუდსმენის პანსიონში დაშვებაზე

14 ივნისი, 2021 • 999
“ზედმეტი აჟიოტაჟი არავისთვისაა საჭირო” – იაკობი ომბუდსმენის პანსიონში დაშვებაზე

ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ როდის მიეცემა სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის შესაძლებლობა, აცხადებს, რომ ადგილზე სოციალური მუშაკები მუშაობენ და “ზედმეტი აჟიოტაჟი არავისთვის საჭირო არ არის”.

ეპისკოპოსს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მისი პირველი გადაწყვეტილება ხომ არ იქნება, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველი შევიდეს და როდის მოხდება ეს:

“მე შემოვედი, რომ აქ გავეცნო სიტუაციას და ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინო. ახლა სოციალური მუშაკები მუშაობენ აქ, ყოველდღიური მუშაობაა, სრული ნდობა აქვთ სოციალურ მუშაკებს, სახელმწიფოს წარმოადგენენ და ზედმეტი აჟიოტაჟი არავისთვის საჭირო არ არის. მე როცა ვიქნები და საჭირო იქნება, ვიქნები”, – აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მთავარეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა.

მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა.

„მოხდა ის, რომ მეუფე თავისი ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და ეს არის პატრიარქის გადაწყვეტილება. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე“, – აცხადებს მთავარეპისკოპოსი იაკობი ჟურნალისტებთან.

ჟურნალისტებთან საუბარში ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პანსიონში სიახლეებს გეგმავდა, რომელსაც საბოლოოდ ის შეასრულებს ერთი წლის განმავლობაში.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი