ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონი დროთა განმავლობაში მოერგება საერთაშორისო სტანდარტებს – საპატრიარქო

13 ივნისი, 2021 • 1233
ნინოწმინდის პანსიონი დროთა განმავლობაში მოერგება საერთაშორისო სტანდარტებს – საპატრიარქო

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, შეხვედრის ინიციატორები თავად იყვენენ. შეხვედრას კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, UNICEF-ისა და ორგანიზაცია World vision-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.

“მოწვეულმა მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ეკლესიამ თავის დროზე მაქსიმალური შეძლო და ყველაფერი გააკეთა ბავშვების დასახმარებლად და აღსაზრდელად. ამასთან, ახალ დროს მოაქვს ახალი მოთხოვნები, პრიორიტეტები და გამოწვევები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ნინოწმინდის ბავშთა სახლის ახალ სტანდარტებზე მორგება. აღნიშნულისათვის კი საჭიროა კონსტრუქციული მუშაობა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების ბავშვების ინტერესების დაცვით მიღებას და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ნორმების გათვალისწინებას.

შესაბამისად, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება დღეს მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს,”-ნათქვამია განცხადებაში.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი