ნეტგაზეთი | აქტივისტებმა დეპუტატებს დააყარეს ფურცლები, წარწერით „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ აქტივისტებმა დეპუტატებს დააყარეს ფურცლები, წარწერით „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ – Netgazeti
RU | GE  

აქტივისტებმა დეპუტატებს დააყარეს ფურცლები, წარწერით „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“

აქტივისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს თავზე დააყარეს ფურცლები, წარწერით – „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში“. წარწერების ბოლომდე გადმოყრა აქტივისტებს პარლამენტის დაცვამ არ დააცადა. მათ დარბაზი დაატოვებინეს.

„ჩვენი მიზანია, პარლამენტის დეპუტატებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და მოვთხოვოთ პასუხი. ისინი არიან პასუხისმგებელნი იმაზე, თუ რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში.

დღემდე იქ ბავშვები გამომწყვდეული ჰყავთ, დღემდე სახელმწიფო არის უუნარო და მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა არაერთი ცნობა ძალადობასა და ბავშვებისთვის დამაზიანებელ სხვა ქმედებებზე, ამ მომენტამდე სახელმწიფოს ნაბიჯები არ გადაუდგამს“, — აცხადებს ჟურნალისტებთან აქტივისტი მამუკა ჯუღელი.

სხდომათა დარბაზში გადმოყრილ ფურცლებზე ასევე წერია, რომ 13 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ამ თემაზე აქცია გაიმართება.

მთავარ ფოტოზე: სხდომათა დარბაზში გადმოყრილი ფურცლები/ტარიელ ნაკაიძე


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

PHR: ნინოწმინდის საქმეზე მოწმეს ემუქრებოდნენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან