ნეტგაზეთი | PHR: ნინოწმინდის საქმეზე მოწმეს ემუქრებოდნენ PHR: ნინოწმინდის საქმეზე მოწმეს ემუქრებოდნენ – Netgazeti
RU | GE  

PHR: ნინოწმინდის საქმეზე მოწმეს ემუქრებოდნენ

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ემუქრებოდნენ, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობით.

როგორც ნეტგაზეთთან ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ამბობს, მოწმეს ეუბნებოდნენ, რომ ის აღარც მედიაში გამოჩენილიყო და აღარც გამოძიებასთან ეთანამშრომლა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პირი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია და „სავარაუდოდ, ამ ადამიანს საცოხვრებელ ადგილს შეუცვლიან“, რასთან დაკავშირებითაც შსსთან კომუნიკაცია უკვე შედგა – „სამწუხაროდ, ამ ყველაფერს სჭირდება საჯაროდ ყვირილი, სხვანაირად სახელმწიფოს არ ესმის“.

„ემუქრებოდნენ კონკრეტული ტექსტებით, რომელმაც გააჩინა სიცოცხლის მოსპობის რისკიც კი. მუქარა შეიცავდა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაზიანებას“, – აცხადებს ნეტგაზეთთანა ანა აბაშიძე.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

პარალელურად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაიწყო კონსულტაციები სამინისტროს, UNICEF-ს, ორგანიზაცია Worldvision-სა და საპატრიარქოს შორის, გამოსავლის მოსაძებნად. ვრცელდება ცნობები, რომ არსებობს შეთავაზება პანსიონის საოჯახო ტიპის სახლად გადაქცევის შესახებაც.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან