ახალი ამბები

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმიანობას თან პასუხისმგებლობა ახლავს – ღარიბაშვილი

9 ივნისი, 2021 • 1153
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმიანობას თან პასუხისმგებლობა ახლავს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება ფაქტს, როცა პრემიერი გადადგა, კანონი რომ არ აღსრულებულიყო. მისივე თქმით, ნებისმიერი მსგავსი ოპერაციის ჩატარებისას, და გიორგი გახარიამ, როგორც ყოფილმა შს მინისტრმა, ეს უნდა იცოდეს, თან ახლავს რისკები. ღარიბაშვილის მტკიცებითვე, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ნიკა მელიას დაკავების ადგილას, ანუ ენმ-ს ცენტრალურ ოფისში, არანაირი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა.

“მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და მის ამ ქმედებას სახელი დაერქვა… როცა კრიზისის დროს, პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუნდის ლიდერი იყო. ჩემი შეფასებით, მაშინ უნდა აეღო პასუხისმგებლობა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში ჩემი და ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით ჩავატარეთ ოპერაცია. უპრებლომოდ, არავინ დაზარალებულა. როგორ ფიქრობთ, მაშინ მე არ ვფიქრობდი რისკებზე, მომატებულ საფრთხეებზე?! შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა და პასუხისმგებელნი ვართ ყველა ჩვენს ქმედებაზე, გადაცდომაზე, მიღწევასა და წარმატებაზე. რაც შეეხება შეფასებას, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი. მათ შორის, გახარიას ქმედებას. აქედან გამომდინარე, დამატებით მე ვერ გეტყვით ვერაფერს. გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანს წარმატება ვუსურვო, იქნება ეს პოლიტიკოსი, მეწარმე თუ ეკონომიკაში დასაქმებული პირი”, – აცხადეს ღარიბაშვილი.

“ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა, 7 ივნისს წერილი გაავრცელა, სადაც გიორგი გახარიას მოღალატეს უწოდებს.

“მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ.

გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი.

თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი”,-წერს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი