ახალი ამბებიკომენტარი

თუ პანსიონში ძალადობა სისტემატური იყო, ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს წამებად – ლელა ცისკარიშვილი

9 ივნისი, 2021 • 5279
თუ პანსიონში ძალადობა სისტემატური იყო, ეს შეიძლება დაკვალიფიცირდეს წამებად – ლელა ცისკარიშვილი

ნინოწმინდის პანსიონიდან, რომელიც ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თითქმის ყოველდღიურად სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბავშვები გამოჰყავს. ამის პარალელურად, უფლებადამცველები და ექსპერტები სულ უფრო მეტს საუბრობენ ამ ბავშვებისთვის ეფექტიანი რეაბილიტაციის აუცილებლობაზე.

ერთ-ერთი მათგანია ფსიქოლოგი ლელა ცისკარიშვილი. ის 2020 წელს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის (IRCT) პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნულმა ცენტრმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ბავშვების ცხოვრებასთან დაკავშირებით ახსენა სიტყვები – „წამება“ და „არაადამიანური მოპრყობა“.

ნეტგაზეთმა ჰკითხა ლელა ცისკარიშვილს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ბავშვთა პანსიონში ცხოვრება არაადამიანურ მოპრყობად, რა არის მათი რეაბილიტაციისთვის აუცილებელი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ.

იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ამჟამად გვაქვს, რა რისკების წინაშე დგანან ახლა ბავშვები ნინოწმინდის პანსიონში და რა სასწრაფო ნაბიჯებია გადასადგმელი?

უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მატრავმირებელი და დამატებითი ზიანის მიმყენებელი იყოს ეს პროცესი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ერთგვარი პარადოქსია, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მაგრამ უნდა გვქონდეს ზუსტად გაწერილი რეაგირების მექანიზმი და თითოეულ ბავშვზე მორგებული უნდა იყოს ეს პროცესი.

მაგალითად, სადაც არის ამის შესაძლებლობა, ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახებში გავიყვანოთ, დანარჩენ შემთხვევებში კი უნდა იყოს გათვალისწინებული უამრავი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებს ძალიან დიდი კრიზისი გადახდათ თავს, არ ვიცით დანამდვილებით, რა პირობებში იყვნენ ისინი მთელი ეს პერიოდი. ახლა ხდება მათი გამოყვანა და მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ტიპის სტაბილურობა მაინც შენარჩუნდეს, რომ მინიმიზირება მოხდეს იმ უარყოფითი გავლენების, რაც პანსიონიდან გამოყვანას შეიძლება სდევდეს თან.

რას გულისხმობთ სტაბილურობის შენარჩუნებაში?

თითოეული ბავშვის საჭიროება უნდა შეისწავლონ ინდივიდუალურად და, სავარაუდოდ, ამას უკვე აკეთებენ სოციალური მუშაკები. აუცილებლად დასადგენია, არის თუ არა კონკრეტული ბავშვი ძალადობის მსხვერპლი, რა ტიპის ზიანი აქვს მიყენებული ბავშვს – ეს გასათვალისწინებელია შემდგომ, თუნდაც მცირე საოჯახოებში თუ ე.წ. ფოსტერ [მინდობით აღზრდა] თუ ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას.

მნიშვნელოვანია, რომ დახვდნენ იქ ადამიანები, ვისთანაც შესაძლებელია ნდობითი ურთიერთობის დამყარება. ბევრი რამ არ ვიცით ამ ბავშვების შესახებ, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილებით ვიცით, რა ემართებათ მათ დახურულ ინსტიტუციებში, სადაც დამატებითი რისკია ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობის.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში ახსენა წამება და არაადამიანური მოპყრობა ბავშვების მიმართ. რომ განავრცოთ, რას გულისხმობთ?

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო მოიცავს 160-ზე მეტ ორგანიზაციას მსოფლიოს 72 ქვეყნიდან, რომლებიც მუშაობენ წამების საკითხებზე, განსაკუთრებით, მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე.

რა იგულისხმებოდა ამის ქვეშ – ეს ბავშვები იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ. ისინი არიან დახურულ ინსტიტუციაში და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მათთვის შეექმნა ისეთი გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მათ ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე, მათი საუკეთესო ინტერესების გატარებაზე.

ასევე სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები დაცულნი იყვნენ ძალადობისგან. შესაბამისად, თუ დადგინდება – და ეს ჩანს პირველადი მონაცემებიდან –  რომ სისტემატური ხასიათის იყო იქ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ამის კვალიფიკაცია შეიძლება, როგორც წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გამოდის. სახელმწიფომ ვერ შეძლო, მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები დაეცვა ძალადობისგან, თუ ეს წლების განმავლობაში ხდებოდა და სისტემატური სახე ჰქონდა…

როდესაც პრევენციის ეროვნულ მექანიზმს არ აქვს საშუალება, შევიდეს დაწესებულებაში, ეს ყოველთვის ეჭვს ბადებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან. ამიტომ იყო წერილში მოწოდებული, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს [მონიტორინგი] ყველა იმ ინსტიტუციაში, რომელიც არ არის სახელმწიფო დაქვემდებარებაში.

მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ ამ ბავშვებზე შესაძლოა ძალადობდნენ, საჭმელს არ აძლევდნენ, მეტანიებს ასრულებინებდნენ დასჯის სახით – თუ დადასტურდება ინფორმაცია, რომელიც პანსიონში ძალადობას და ა.შ. შეეხება. რა არის აუცილებელი მსხვერპლების რეაბილიტაციისთვის? როგორი პროცესი უნდა იყოს ეს?

როდესაც ვსაუბრობთ რეაბილიტაციაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენიმეგანზომილებიანი პროცესი არის ეს და აუცილებლად მოიცავს სამართლებრივ ნაწილს. თუ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანები დაზარალდნენ, და ამ შემთხვევაში საუბარია ბავშვებზე, მათ შორის შშმ ბავშვებზე… თუ ისინი ექვემდებარებოდნენ ძალადობას, გარდა იმისა, რომ მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური, სამედიცინო, სოციალური რეაბილიტაცია, რაც სრულად უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, ასევე, პარალელურად უნდა წავიდეს გამოძიება.

ყველანაირი რეაბილიტაციის განუყრელი ნაწილი არის სამართლიანობის მიღწევა და აღდგენა. ამ სამართლის კონტექსტში აუცილებელი უნდა იყოს მსხვერპლის არა მხოლოდ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, არამედ რეპარაციას რასაც ეძახიან, ფინანსური კომპენსაცია, იმ მორალური ზიანი ანაზღაურებისათვის, რაც მიადგათ ადამიანებს.

ხელმისაწვდომობა სამართლიან სასამართლოზე არის რეაბილიტაციის განუყრელი ნაწილი. როდესაც შენზე ძალადობდნენ, როგორი კარგი ცხოვრებაც შეიძლება მერე გქონდეს, თუ არ დაისაჯა დამნაშავე და თუ არ აღიარეს სასამართლომ და სახელმწიფომ, რომ შენ მოგადგა ზიანი, თუ არ მოხდა, ვთქვათ, აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესი… როდესაც ადამიანებზე ძალადობდნენ და მით უფრო, როცა სახელმწიფოა ირიბად ჩართული თავისი უმოქმედობით და იმხელა ინსტიტუცია, როგორიცაა ეკლესია – შენ რა ზიანიც მიიღე, შენ რა აუტანელი ტანჯვაც მოგადგა, ეს უნდა იქნას აღიარებული. სხვაგვარად სრულ რეაბილიტაციაზე ვერ ვისაუბრებთ.

ასევე გამოვიდა ხმები სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია და დიდი სიმწვავისა და სიღრმის მოუშუშებელი ჭრილობაა, მით უფრო, ვსაუბრობთ პატარებზე. ზრდასრულების მოვალეობაა, რომ მათ ვიცავდეთ და როდესაც ზრდასრულები ძალადობენ – რა პროცესები უნდა ვითარდებოდეს პატარა ბავშვის გონებასა და გულში, როდესაც ის, ვინც მასზე უნდა ზრუნავდეს, პირიქით, ძალადობს.

თუ ასეთი რაღაცები დადასტურდა, საკმაოდ გრძელვადიანი თერაპიული ჩარევა არის ხოლმე საჭირო, ხშირად ეს ჭრილობები ვერ შუშდება. არის ასეთი შემთხვევებიც, ვინაიდან  ძალიან ღრმა ჭრილობაა ზრდასრული ადამიანისთვის და მით უფრო, როდესაც ბავშვებზე ვლაპარაკობთ. გახლეჩვაა, ფიგურა, რომელიც უნდა ზრუნავდეს, შენზე ძალადობს. შესაბამისად, ძალიან ღრმა ტრავმაზე გვაქვს საუბარი.

IRCT-ის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. თქვენი შეფასებით, ეს პროცესი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონით, თუ უნდა დაიწყოს დისკუსია ყველა დიდ ინსტიტუციაზე, რომლებიც ბავშვთა სახლების ფორმით არსებობს საქართველოში?

აუცილებლად. უკვე წლებია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დაწყებულია. ცივილიზებული სამყარო მივიდა იმ შეთანხმებამდე, რომ დიდი ინსტიტუციები არის ჯოჯოხეთის ტოლფასი ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის, სადაც არ არის ზრუნვა, სადაც არ არის სიყვარული, სადაც არის მაღალი რისკი ძალადობის – როგორი აწყობილიც არ უნდა იყოს დაწესებულება, ყოველთვის არის ამის რისკი.

შესაბამისად, ამ გზას დაადგა ჩვენი სახელმწიფო, ვიცით, რომ არის [პანსიონების] რაღაც ნაწილი დარჩენილი და იქაც არ აქვს მონიტორინგის მექანიზმი სახელმწიფოს. შესაბამისად, აუცილებლად უნდა დაიწყოს მსჯელობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ მოხდეს მათი დახურვა და ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ან მინდობით აღზრდაში გადაყვანა, ან/და ბიოლოგიურ ოჯახების გაძლიერება.

რაც შეეხება რელიგიური ინსტიტუციების მონაწილეობას ამ პროცესში, ხომ არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო ერიდება კონფლიქტს ეკლესიასთან და ეს არის მიზეზი, რის გამოც ომბუდსმენს ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება, განახორციელოს მონიტორინგი?

რასაკვირველია. განაცხადა კიდეც [ირაკლი] კობახიძემ, რომ საპატრიარქოს არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ არ დავუპირისპირდეთო. რასაკვირველია, ხმებია პირდაპირ ელექტორალური საპატრიარქოდან. შესაბამისად, არ უპირისპირდებიან.

ძალიან გვიან ჰქონდათ რეაგირება… შევხედოთ, მთავარია, რომ ახლანდელი რეაგირება მაინც იყოს ეფექტიანი და მოხდეს ბავშვების გამოყვანა და  მათი ინტეგრირება ახალ გარემოში.

გაქვთ მოლოდინი, რომ მოხდება ჯეროვანი რეაგირება?

ყველამ ვიცით, რომ სოციალური დაცვის პოლიტიკა და ის უწყება, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი –  სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო – გამოწვევების წინაშე დგანან. ვიცით, რამდენი შემთხვევის მართვა უწევს სოცმუშაკს, რა ანაზღაურება აქვთ… ცალსახაა, რომ ეს თემა არაა პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის.

მე პირადი, პროფესიული შეხება მქონია ბევრ სოციალურ მუშაკთან, მათ ძალიან დიდი და მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად არიან არაეფექტურები, მაგრამ სისხლის ფასად უჯდებათ ხოლმე იმ სამუშაოს შესრულება. შესაბამისად, მთელ პასუხისმგებლობას ნუ გადავიტანთ სოციალური დაცვის სააგენტოზე. ეს რომ იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტული სფერო, აბსოლუტურად გამართვადია და შესაძლებელია, რომ უკეთესი იყოს ეს მომსახურება, მაგრამ ბავშვები და სოციალური საკითხები ნაკლებად საინტერესოა მათთვის.


გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გულისხმობს თავშესაფრიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანას. თუმცა სახელმწიფო უწყებებმა თავშესაფრიდან სხვა ბავშვების გაყვანაც დაიწყეს. მათი ნაწილი ოჯახებში დააბრუნეს, ნაწილი — მცირე ზომის საოჯახო დაწესებულებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი