სააგენტო, რომელიც თავის დროზე უცხოური დონორების საპირწონედ შექმნეს და რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა, ირაკლი კობახიძის თანახმად, „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურება.
სააგენტო 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ რუსული სტილის რეპრესიული კანონები მიიღო და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღება შეუზღუდა.
სააგენტოს შექმნის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებდნენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებოდნენ და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებოდნენ.
ახლა კობახიძე ამტკიცებს, რომ NGO ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ფენომენი, ხელოვნურადაა მოგონილი „უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის“. მისივე თქმით, ეს გამოჩნდა სააგენტოს შექმნის შემდეგ:
„NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. NGO, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის, პოლიტიკური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, – თქვა კობახიძემ.
გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა, რომელიც 2026 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი 11 600 ლარი იყო, ანუ წლიურად 139 200 ლარი.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ სტატია „ნეტგაზეთს“ არქივიდან: