ახალი ამბები

IRCT შოკირებულია ნინოწმინდის პანსიონზე ცნობებით და გამოძიებას ითხოვს

4 ივნისი, 2021 • 1621
IRCT შოკირებულია ნინოწმინდის პანსიონზე ცნობებით და გამოძიებას ითხოვს

საერთაშორისო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT) საქართველოს მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები, რომლის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, IRCT შოკირებულია იმ ცნობებით, რომელიც ნინოწმინდაში მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონში წამებისა და არასათანადო მოპრყობის შესახებ ვრცელდება. ორგანიზაციის ცნობით, სახალხო დამცველის ოფისი აღწერს შემაძრწუნებელ პრაქტიკებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას, საკვების შეზღუდვას (დასჯის მიზნით) და ბავშვების სისტემურ ცემას.

“ეს არის წამება და არასათანადო მოპყრობა”, – აცხადებს ასგერ კიაერამი, IRCT-ის ერთ-ერთი დირექტორი.

ICRT-ის შეფასებით, ნებისმიერმა ინსტიტუციამ, რომელიც პასუხისმგებლია ბავშვებზე მზრუნველობაზე, უნდა დაიცვას მათი უფლებები. ამასთანავე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ დარწმუნდეს მათი უფლებების დაცულობაში მონიტორინგითა და ძალადობის სანქცინებით. ამჟამად 4 გამოძიება მიმდინარეობს თავშესაფარში, რომელიც ბავშვებზე ძალადობასა და გაუპატიურებას ეხება. მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად ეწინააღმდეგება სახელმწიფო სააგენტოებს, რომლებიც თავშესაფრების მონიტორინგზე არიან პასუხისმგებელი.

“ეს ბავშვები და ყოფილი ბენეფიციარები წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ”, – ამბობს ლელა ცისკარიშვილი, საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამავდროულად IRCT-ის დირექტორია.

“ახლა დროა, რომ მათ მიეცეთ მართლმსაჯულება და რეაბილიტაცია, რათა მოშუშების პროცესი დაიწყონ. საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებმა იციან, რომ ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სრული გამოძიება ეკლესიის და სხვა კერძო აქტორების მიერ მართულ თავშესაფრებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მეტი ბავშვი აღარ დაიტანჯება”, – ამბობს ცისკარიშვილი.

IRCT საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევები იმ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც წამების გამოძიებას მიესადაგება და გაწერილია სტამბულის პროტოკოლში. ამასთან, ყველა ძალადობაზე პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, ხოლო იმ ბავშვების, ვის მიმართაც პირდაპირ ან ირიბად იძალადეს, რეპარაცია და რეაბილიტაცია განხორციელდეს.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივნისის მდგომარეობით პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება, თუმცა, მანამდე, ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბავშვების ოდენობა 150-ს აღწევს. 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ პანსიონიდან 6 ბავშვი გადაიყვანა, 10 ბავშვის გადაყვანაზე მუშაობა კი მიმდინარეობს.

ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [5 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი