ახალი ამბები

შუამავალი არ ყოფილა, ჩვენ ეს წერილი პირდაპირ მივიღეთ – ბადრი ჯაფარიძე

25 ოქტომბერი, 2019 • 2488
შუამავალი არ ყოფილა, ჩვენ ეს წერილი პირდაპირ მივიღეთ – ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ე.წ. მუქარის წერილი შუამავლის გარეშე, პირდაპირ მიიღეს:

“შუამავალი არ ყოფილა, ჩვენ ეს წერილი პირდაპირ მივიღეთ და მე და მამუკა ვიყავით ადრესატები. თავიდანვე არასწორად იყო საკითხი წარმოჩენილი ე.წ. შუამავლის შესახებ. კიდევ ვამბობ, რომ შუამავალი არ ყოფილა.”

ჟურნალისტის კითხვაზე, პირადად გიორგი გახარიამ გადასცა თუ არა მათ ეს წერილი, ბადრი ჯაფარიძე ამ კითხვას არ პასუხობს. “ეს გამოძიების საგანია”,-ამბობს ის.

4 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მაშინდელი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს:

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”.

აღნიშნული წერილი ხაზარაძის მხარემ ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნა, სადაც მისი ადვოკატის თქმით, 17 თითის ანაბეჭდი აღმოაჩინეს. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძის თქმითვე, წერილის დედანი ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად მთავარ პროკურატურას 21 ოქტომბერს გადასცეს.

როგორც ადვოკატი ამბობს, უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის ანაბეჭდები, რადგან შესაბამისი ბაზა ქართულ ორგანოებს აქვთ. შესაბამისად, კორძაძის თქმით, ეს პროკურატურის კომპეტენციაა და ამ უწყებამ უნდა დაადგინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი