ახალი ამბები

რიკერი პარტიებს ამნისტიის კანონზე მუშაობისკენ მოუწოდებს

7 ივნისი, 2021 • 725
რიკერი პარტიებს ამნისტიის კანონზე მუშაობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის თქმით, შერთებული შტატები თვალ-ყურს ადევნებს 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციას.

რიკერის თქმით, ელოდება, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ძალები მანდატებს კონტრქუციულად გამოიყენებენ და გაითვალისწინებენ 19 აპრილის შეთანხმების ტექსტის სულისკვეთებას, რათა პოლარიზაცია შემცირდეს.

“მოვუწოდებთ, პარლამენტში იმუშაონ განსაკუთრებით სამი მიმართულებით: ამნისტიის კანონი და მისი განხორციელება – ეს უმნიშვნელოვანესია, მაგრამ 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო საკითხია, ასევე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართულებით”, — განაცხადა რიკერმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

შეთანხმებით გათვალისწინებული ამნისტიის შესახებ საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” და ოპოზიციის კანონპროექტები განიხილება. რაც შეეხება ენმ-ს, პარტია აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ არცერთ კანონპროექტს არ უჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი