ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის — რიკერი

7 ივნისი, 2021 • 1013
სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის — რიკერი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ისევე, როგორც ინვესტიციების მოსაზიდად.

“დემოკრატია არის მუდმივი ძალისხმევა და მუშაობა უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მისაღწევად. საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობის დღიდან საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა კვლავ ბევრი რჩება გასაკეთებელი. სასამართლო სისტემის რეფორმის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი სასამართლო სისტემის შექმნა, როგორსაც იმსახურებს ქართველი ხალხი — მეტი გამჭვირვალობით, ანგარიშვალდებულებით, მოსამართლეების შერჩევის გამჭვრივალე პროცედურით და ა.შ.

19 აპრილის შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ამ ძალისხმევისთვის. ეს ნიშნავს, რომ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და პროცესი იყოს ინკლუზიური. კარგია, რომ უკვე არსებული ინსტიტუტების კარგი საფუძვლის გარდა, არის საერთაშორისო დახმარება ვენეციის კომისიის სახით და სხვადასხვა რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს რეფორმირების პროცესში”, — განაცხადა ფილიპ რიკერმა.

19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რიკერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ იმუშაოს კონსტრუქციულად და ერთობლივად საქართველოს პარლამენტში.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას. მისი თქმით, ჟურნალისტებს აქვთ ვალდებულება, პარტიული მიკერძოების გარეშე აკეთონ საქმე, დასვან შეკითხვები, ხოლო მთავრობის მოვალეობაა, ამ შეკითხვებს პასუხი გასცენ.

“ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებები და ამაში მოიაზრება თავისუფალი მედია და გამოხატვის თავისუფლება. მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას”, — დასძინა რიკერმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი 6-13 ივნისს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს მართავს. საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი