ახალი ამბები

რიკერი თავად იყო საოკუპაციო ხაზთან და ნახა, რა გამოწვევის წინაშეა საქართველო — ბოჭორიშვილი

8 ივნისი, 2021 • 739
რიკერი თავად იყო საოკუპაციო ხაზთან და ნახა, რა გამოწვევის წინაშეა საქართველო — ბოჭორიშვილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის საქართველოში ვიზიტს “ქართული ოცნების” წევრები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მისი ვიზიტი მნიშვნელოვანია.

“ის თავად იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზზე და თავად ნახა, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველო მაშინ, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რეგიონული გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გვქონდეს ასეთი მხარდაჭერა” ,– განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

ფილიპ რიკერის ვიზიტს “ძალიან საქმიანად” აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი და ამბობს, რომ ახალი ადმინისტრაციისთვის რეგიონში არსებულ ვითარებაზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად რიკერის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია:

“ეს ვიზიტი არის მაღალი დონის და, ამავდროულად, ძალიან საქმიანი. აქვე ხაზს გავუსვმადი იმას, რომ ვიზიტი არ არის მხოლოდ საქართველოში და ჩვენი რეგიონის კონტექსტშია მოაზრებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ გეოპოლიტიკურ გარემოში. ძალიან მნიშვნელოვანია, სრულყოფილი ხედვის და პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად ახალ ადმინისტრაციას სრული ინფორმაცია ჰქონდეს.”

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტის მიზანია, „ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის”.

ფილიპ რიკერი საქართველოში ბოლოს 2020 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს კვალდაკვალ.

მასალების გადაბეჭდვის წესი