ახალი ამბები

ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს შეხვდა

1 დეკემბერი, 2022 • 574
ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს შეხვდა

კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ფილიპ რიკერი საქართველოში იმყოფება.

ფილიპ რიკერი სამუშაო ვახშმის ფორმატში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, აღინიშნა სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითაა განპირობებული.

„შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, -ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ვიზიტის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა თავად ფილიპ რიკერმაც. მისი თქმით, მოხარულია საქართველოში დაბრუნებით, რადგან რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის საქართველოს როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას განაგრძობს.

ამასთან, ფილიპ რიკერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს, საქართველომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მიაღწიოს.

„ამ ვიზიტის დროს მე განვიხილავ, როგორ გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს, ხელი შეუწყონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაჭრას, როგორ უნდა იმოქმედონ რუსეთზე, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

აშშ დღესაც ისეთივე ერთგულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, როგორც 30 წლის განმავლობაში. ეს მოიცავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს გვერდით ვდგავართ თქვენს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის გზაზე. აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაგეხმაროთ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც სურს ხალხს და რომელსაც იგი იმსახურებს.

დაბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისა და აშშ-თან მჭიდრო პარტნიორობისთვის. როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ“,- განაცხადა ფილიპ რიკერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი