ახალი ამბები

ხელისუფლებას შევახსენე და ოპოზიციასაც შევახსენებ კომპრომისის მნიშვნელობას – რიკერი

7 ივნისი, 2021 • 806
ხელისუფლებას შევახსენე და ოპოზიციასაც შევახსენებ კომპრომისის მნიშვნელობას – რიკერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრისას შეახსენა, მოგვიანებით კი ოპოზიციასაც შეახსენებს კომპრომისის მნიშვნელობას.

„ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ, უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული და უსაფრთხო დემოკრატიისა, ამ კონტექსტში კი ძალიან მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებს“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

საუბარია ევროკავშირის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერით დასრულდა და პოლიტიკური კრიზისი განმუხტა.

„დღეს მქონდა შეხვედრები პრემიერთან, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან და შეხვედრების მსვლელობისას ყურადღებას ვამახვილებდი, რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, როდესაც არსებობს კოვიდით გამოწვეული ვითარება, ეკონომიკური პრობლემები და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია“, – განაცხადა მან.

„ამ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე, — და როდესაც ოპოზიციას შევხვდებით, მათაც, რა თქმა უნდა, შევახსენებ, — კომპრომისი არის აუცილებელი ნაწილი ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისა, განსაკუთრებით, ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა.

„აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და, რა თქმა უნდა, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას“, – განაცხადა მან.

„მოგეხსენებათ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში“, – დასძინა რიკერმა.

ფილიპ რიკერი 6 ივნისს ჩაფრინდა თბილისში. ის 6-13 ივნისს იმოგზაურებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.


აშშ-ის საელჩოს განმარტებით, ვიზიტის მიზანი იქნება, რიკერმა „ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის.

ანონსის თანახმად, ფილიპ რიკერი საქართველოში შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა „განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია“.

როგორც საელჩო წერს, სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები.

ფილიპ რიკერი საქართველოში ბოლოს 2020 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს კვალდაკვალ.

მასალების გადაბეჭდვის წესი