ახალი ამბები

როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში – სუბარი

4 ივნისი, 2021 • 1185
როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში – სუბარი

ყოფილი სახალხო დამცველ და ამჟამად “ქართული ოცნების” წევრ სოზარ სუბარის თქმით, ომბუდსმენს “განგაში მაშინვე უნდა აეტეხა, როცა ნინოწმინდის პანსიონში არ შეუშვეს.

“სახალხო დამცველს, ბუნებრივია, უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი, დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია”, – განაცხადა სუბარმა.

მიზეზი, თუ რატომ არ ყოფილა სახალხო დამცველი 2018 წლიდან ნინოწმინდის პანსიონში, თავად ომბუდსმენმა “ღამის კურიერში” განმარტა. ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს არ აქვთ რესურსი, რომ ყველა ინსტიტუციაში ყოველწლიური  მონიტორინგი აწარმოონ. გარდა ამისა, მისი თქმით, ამას თან დაერთო კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეები.

“ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი განვახორციელეთ 2018 წელს და ამის შესახებ ანგარიშიც არსებობს. მას შემდეგ ჩვენ არ შევსულვართ და მცდელობა გვქონდა უკვე წელს, რომ შევსულიყავით. ჩვენ ყოველწლიურად ყველა ინსტიტუციაში ვერ შევდივართ და აქედან გამომდინარე დაეგეგმილი იყო წელს. შარშან პანდემიის გამო გარკვეული სირთულეები იყო და ჩვენ თავს ვიკავებდით გარკვეულ ინსტიტუციებში ვიზიტებისაგან, თუმცა შარშანვე გვინდოდა ამის გაკეთება, ვიზიტი განხორციელდა წელს და, შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა”, – განაცხა ნინო ლომჯარიამ.

რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

ოფიციალური ინფორმაციით, 5 ივნისის მდგომარეობით პანსიონში 47 ბავშვი ირიცხება, თუმცა, მანამდე, ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბავშვების ოდენობა 150-ს აღწევს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [4 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი