ახალი ამბები

პანსიონები, როგორც საფრთხე ბავშვებისთვის – ინტერვიუ ანა არგანაშვილთან

4 ივნისი, 2021 • 2262
პანსიონები, როგორც საფრთხე ბავშვებისთვის – ინტერვიუ ანა არგანაშვილთან

ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონი, სადაც ოფიციალური ცნობით 56, ხოლო სასულიერო პირების ცნობით – 150 ბავშვი ცხოვრობს, ომბუდსმენისთვის დაკეტილია. აქ სახალხო დამცველს არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა სახელმწიფოს მონიტორინგის უზრუნველყოფა დაავალდებულა.

„ყველა დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუცია არის ძალადობის, ბავშვების მიმართ არასათანადო მოპრყობის, დასჯის, რიგ შემთხვევაში წამების წყარო“ ,- ამბობს ნეტგაზეთთან უფლებადამცველი და ორგანიზაცია PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი. არგანაშვილი სწორედ ის ადამიანია, ვინც ნინოწმინდის პანსიონზე ცნობა გაეროს ბავშვთა კომიტეტს გაუგზავნა.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ის განმარტავს, თუ რატომ არის პანსიონები ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით საფრთხის შემცველი, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო დღეს ამ კუთხით და რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

რატომ მიიჩნევა პანსიონები ბავშვების აღსაზრდელად შეუსაბამო გარემოდ?

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალში არის პირდაპირ ნათქვამი, რომ აბსოლუტურად ყველა დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუცია არის ძალადობის, ბავშვების მიმართ არასათანადო მოპრყობის, დასჯის, რიგ შემთხვევაში წამების წყარო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მართავს მას. დიდი ზომის დაწესებულებად ითვლება ის, სადაც 8-10 ან მაქსიმუმ 15 ბავშვი ცხოვრობს. ამის ზემოთ უკვე უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევა. ყველგან მსოფლიოში ეს აკრძალულია და ითვლება, რომ არის უმძიმესი პრობლემა.

საეკლესიო პირებისგან ხშირად ისმის, რომ ქუჩაში ცხოვრებას პანსიონში ცხოვრება სჯობია – რა არის ამის კონტრარგუმენტი?

უნდა დავიწყოთ იმით, რომ „ქუჩაში ცხოვრება“ ძალიან უცნაური ფრაზაა. ქუჩაში ბევრი ბავშვი გვხვდება, მათ შორის ისინიც, ვისაც ჰყავს  ოჯახები. აბა, ბავშვებს ჰკითხონ, ოჯახში ყოფნა ურჩევნიათ, პირობითად, სიღარიბეშიც თუ პანსიონში.

ჩემი 15-წლიანი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ვერც ერთ ბავშვს ვერ იპოვით… თუ არ ძალადობს მშობელი… არ არსებობს სიღარიბე, რომელზეც ბავშვი იტყვის, რომ მირჩევნია უკეთეს პირობებში ვიყო და მშობლისგან დაშორებით ვიცხოვრო. არ არსებობს, ეს ნონსენსია. ამიტომ კითხვა, რა ჯობია ბავშვისთვის, ქუჩაში ცხოვრება თუ დიდი ზომის ბავშვთა სახლში, თავისთავად არასწორადაა დასმული, რადგან ერთმანეთის ალტერნატივა არ არის.

ქუჩაში ბავშვი ნამდვილად არ უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს, თუ ჰყავთ ოჯახი, ვთქვათ, ისინი ღამეს ათენებენ მშობლებთან – ბავშვის ცალსახა არჩევანი არის მშობლებთან ყოფნა. სიღარიბის გამო ბავშვის გადაყვანა ბავშვთა სახლში არის კანონის დარღვევა. გვიწერია პირდაპირ კანონში, რომ აკრძალულია სიღარიბის გამო ბავშვის ჩამორთმევა, გაყვანა და გაცილება.

რა არის პანსიონების ალტერნატივა და ამ კუთხით რა გამოწვევები არსებობს საქართველოში? 

პირველ რიგში, ბავშვი ოჯახიდან არ უნდა გავიდეს. თუ ოჯახს უჭირს ეკონომიურად, მაშინ ის ოჯახი უნდა გავაძლიეროთ, თუ ქირა სჭირდება, ქირა მივცეთ, თუ საკვები სჭირდება – საკვები და ა.შ. ყველა შემთხვევაში ოჯახი უნდა გავაძლიეროთ. თუ ოჯახი ვეღარ ძლიერდება ან შეუქცევადია ძალადობა, ან ბავშვს, ვთქვათ, ოჯახის წევრები გარდაეცვალა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ალტერნატიული ზრუნვის შეთავაზება.

ალტერნატიული ზრუნვა კი გულისხმობს მინდობით აღზრდას, ოჯახს,  რომელიც შემოწმებული და „დატრენინგებულია“, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლს, სადაც 5-6 ბავშვია, როგროც წეს,ი და მეტი არა, ან გაშვილება. ყველგან ფიგურირებს ოჯახური გარემო, ეს არის მთავარი და არა ინტერნატი.

რასაც ადრე ინტერნატები ერქვა, ზუსტად ის არის დღეს პანსიონები. ინტერნატებში ხომ გინახავთ, როგორ საშინელ პირობებში არიან ბავშვები… არ აქვს მნიშვნელობა, გალიაა თუ ბეტონის კედელი, თუ ბავშვი არის მოწყვეტილი ოჯახისგან, ოჯახური გარემოსგან, ეს არის დიდი ინტერნატი და ბოროტება.

საქართველოში როდის უნდა მოგვარებულიყო პანსიონების პრობლემა?

2012 წელს საქართველომ მიიღო დიდი დაფინანსება, რათა ეს პრობლემა მოგვარებულიყო. ამ დიდი ფინანსური დახმარების წინაპირობა ბავშვთა სახლების დახურვა იყო. დაიწყო ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა.

სახელმწიფო რასაც მართავდა, ის ინტერნატები კი დახურეს, მაგრამ საკმარისად აქტიურად არ იმუშავეს ალტერნატიული ზრუნვის შექმნაზე – ვერ მოძებნეს მინდობით აღმზრდელი ოჯახები, ვერ „გადაატრენინგეს“, საოჯახო ტიპის სახლები ვერ შექმნეს და ა.შ. ამიტომ რაღაც მომენტში დადგნენ იმ მოცემულობის წინაშე, რომ ვერ ხურავდნენ ამ ინტერნატებს. ამ დროს რელიგიურმა დაწესებულებებმა, არამხოლოდ მართლმადიდებლურმა, ასევე მედრესეებთან აქვთ ამგვარი პანსიონი და ასევე თვითმმართველობებშიც გახსნეს გაურკვეველი, უკონტროლო წარმომავლობის სკოლა -პანსიონებიც… მათ ეს ალტერნატივა შესთავაზეს. სინამდვილეში სახელმწიფოს აწყობდა, რომ ერთი მხრივ, კარგი საერთაშორისო იმიჯი შეექმნა – ეთქვა, რომ ყველა ინტერნატი დახურა და ამავე დროს, ვითომ არ იცოდა, რომ „ჩრდილოვანი“ ინტერნატები არსებობდა. ეს ბავშვები გააქრეს, ბევრმა წყარომ გააქრო.

ობიექტურად გადამოწმებადი ინფორმაციაა და წერია კიდეც სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაგზავნილ დოკუმენტებში, მაგალითად, გაეროში, ევროსაბჭოში.. როგორც წესი, ამ დოკუმენტაციაში მიუთითებდნენ ხოლმე, რომ ვითომ საქართველოში დარჩა მხოლოდ 2 – თბილისის ჩვილ ბავშვთა და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლები. ეს იყო ტყუილი…

რამდენი პანსიონი არსებობს დღეს საქართველოში და რამდენია რელიგიური აქედან?

ზუსტი რაოდენობა არ ვიცით. ვერ ითვლიან [პანსიონების რაოდენობას]. ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ რეგულირების სააგენტოს და გვიპასუხეს, არ ვიცით, რაზე საუბრობთ, არ არსებობენო..

თუ ამბობენ, რომ არ არსებობს, ჩნდება კითხვა – მაშინ როგორ ხდება ბავშვების პანსიონში მიყვანა?

ეს სწორედაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვების მიყვანა ხდება უკანონოდ. სინამდვილეში, ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში ბავშვთა მიყვანა უნდა ხდებოდეს ასე – უპირველესად სოციალურმა მუშაკმა უნდა შეისწავლოს სიტუაცია, გააძლიეროს ოჯახი, რისკები გაზომოს, გაიაროს დიდი პროცედურები და როგორც უკანასკნელი ზომა, ჩარიცხოს ბავშვი. ამ ყველაფერს ახტებიან და უკანონოდ შეჰყავთ. არავინ ვიცით, როგორ შეჰყავთ.

ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა, რომ მაგალითად, შშმ ქალს გაუჩნდა ბავშვი, უთხრეს, შენ ვერ გაზრდიო და წაიყვანეს. მეორე შემთხვევა ასევე მახსენდება, როდესაც ბიძამ გადაწყვიტა, ჩემი დისშვილი მონაზონი უნდა გამოვიდესო და დედის თანხმობის გარეშე წაიყვანა. ანუ ბავშვები იქ ხვდებიან უკანონოდ, ამიტომ არცერთის ჩარიცხვის დოკუმენტი არ არსებობს, ვინაიდან ბავშვი რომ ჩაირიცხოს, ის კანონის მიხედვით უნდა შეფასდეს და კანონის მიხედვით შეუჩერდეს მშობელს [მასზე] წარმომადგენლობა. ასეთი დოკუმენტები არ აქვთ. საკმარისია ხოლმე ვინმეს განცხადება და ესეც დიდი უკანონობაა.

დაახლოებით რამდენ ბავშვზეა საუბარი?

900-მდე – ეს მონაცემი ევროკომისიამ 2019 წელს ჩაწერა და თქვა, რომ საქართველოში სწორედ ამდენი ბავშვია უკონტროლო პანსიონებში.

დღეს რა სურათი გვაქვს? რა ვალდებულებები აქვს საქართველოს პანსიონების არსებობასთან დაკავშირებით და რა გამოწვევები არსებობს?

საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს დიდი პანსიონები, ბავშვთა სახლები – საერთოდ არცერთი ასეთი დაწესებულება არ უნდა არსებობდეს.

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში წერია, რომ დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვთა ზრუნვის დაცვის სტანდარტს, სტანდარტში კი ნათქვამია, რომ არ შეიძლება იყოს 8-10 ბავშვზე მეტი. მაგრამ [ნინოწმინდის პანსიონის შემთხვევაში] რადგან უნდა შეინარჩუნონ კარგი დამოკიდებულება ეკლესიასთან, ამიტომ, ყოველ წელს.. წელს, თუ არ ვცდები, 3 იანვარს, პრემიერ-მინისტრმა ერთი წლით გააუქმა ეს ნორმა. ყოველ წელს ცვლიან კანონს ერთი წლით, რომ კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივონ არსებობა. შარშან, როგორც ჩანს, ამის გაკეთება დაავიწყდათ და 8 თვე არ გაუხანგრძლივეს [ლიცენზია] და უკანონო, არალიცენზირებადი იყო ეს დაწესებულება.

რელიგიური დაწესებულებები რა დამატებითი რისკია ბავშვებისთვის?

ასეთ დროს, გარდა იმისა, რომ ჩარიცხვა უკანონოა, უკვე შემდგომ, შიგნით, სამწუხაროდ, ხდება ის, რომ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს არ აღიარებენ. ის, რის გამოც ლიცენზია გაიცემა ან არ გაიცემა, არის ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი, ისინი კი ამას არ აღიარებენ. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ არც სახელმწიფოს წარუდგენენ ანგარიშს.

ბავშვთა ზრუნვის სტანდარტი ამბობს, რომ მაგალითად, არ შეიძლება ბავშვის ცემა, წამება, არ შეიძლება საჭმლის შეზღუდვა, ოთახში არ შეიძლება ჩაკეტო და ა.შ. ამას არ აღიარებენ. მაგალითად, გუშინ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მედიაში განაცხადა, რომ მეტანიების გაკეთება არ არის დასჯა. რა თქმა უნდა, რელიგიური რიტუალების იძულება არის დასჯა და ასევე ბავშვის რელიგიის თავისუფლების დარღვევა. მაგრამ მათ ეს უფლებები არ იციან, არ აღიარებენ.. ამიტომ არც ანგარიშს წარადგენენ ბავშვთა ზრუნვის სტანდარტის მიხედვით.

ასეთ პირობებში სახელმწიფოს კონტროლის რა მექანიზმი რჩება?

გაუქმება. ლიცენზია უნდა გაუქმდეს. თუ დაწესებულება არ იცავს ლიცენზიის პირობებს, ის უნდა გაუქმდეს.

რა არის გამოსავალი?

უპირველეს ყოვლისა, ყველამ, ვინც 2011-2012 წლიდან დღემდე ეს სიტუაცია აქამდე მოიყვანა – ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. თუ საჯარო მოხელეები იყვნენ, ვეღარ უნდა იმუშაონ ასეთ სფეროში, შესაძლოა უფრო მძიმე პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

მეორე: სადაც სახალხო დამცველი არ აკონტროლებს – დღესვე უნდა გამოიყვანონ ის ბავშვები იქიდან. არცერთი დღე არ შეიძლება, რომ ის ბავშვები იქ დარჩნენ, ვინაიდან არის ძალადობის რისკი.

შსს გვეუბნება, რომ თუ ოჯახიდან გესმის ბავშვის ტირილი, უნდა დავრეკოთ პოლიციაში, მოვა პოლიცია, მოძალადეს წაიყვანს და ბავშვს გამოიყვანს. ახლა კი ტირილის ხმა გვესმის იმ პანსიონიდან და რას ვაკეთებთ? – არაფერს.

ათობით ბავშვში დიდი ვარაუდით ახლა არის ძალადობის მსხვერპლი – არ უსმენენ ბავშვის ტირილს, მეტაფორულად რომ ვთქვათ.

რაც შეეხება მინდობით აღზრდას, დიდი ფული მიდის ბიუჯეტიდან, კიდევ უფრო მეტი უნდა მიდიოდეს. სიმართლე რომ ითქვას, არც ამ ოჯახების კონტროლი ხდება, ბავშვები აქაც არ არიან კარგად, მაგრამ, სულ მცირე, ბავშვს ის მაინც შეუძლია, რომ დახმარება მიიღოს. ჩვენ გვიკავშირდებიან, სახალხო დამცველს, სოცმუშაკს. გუშინ კი გავიგეთ, რომ ამ პანსიონში 6 თვე სოციალური მუშაკი არ შედიოდა. ბავშვს რომ რაიმე დასჭირვებოდა, ვერ გავიგებდით..


რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. ასევე ტელეკომპანია „ობიექტივი“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი