ახალი ამბები | ,

ნინოწმინდის პანსიონში “ობიექტივი” შეუშვეს

3 ივნისი, 2021 | | 1073
ნინოწმინდის პანსიონში “ობიექტივი” შეუშვეს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მედიაკავშირი “ობიექტივი” შეუშვეს. მედიაორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა პანსიონს, დღეს, 3 ივნისს, ესტუმრნენ და ბავშვებს გაესაუბრნენ.

“ობიეტქივის” გავრცელებულ ვიდეოში რამდენიმე ბავშვს პანსიონში არსებულ პირობებზე ეკითხებიან. ტელეკომპანიასთან ბავშვები აცხადებენ, რომ პანსიონში კარგი პირობებია, აღმზრდელები კარგად ექცევიან და არ სჯიან, ხოლო ჟურნალისტები, რომლებიც დაწესებულებაში დასჯის მეთოდებზე ლაპარაკობენ, იტყუებიან.

გუშინ, 2 ივნისს, სახალხო დამცველმა უწყებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 4 საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. აქედან ერთი  — სავარაუდო გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუმცა ამ დრომდე [3 ივნისი 15:16 საათი] შინაგან საქმეთა სამინსიტროს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სიახლის შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდებიან.

რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი