ახალი ამბები

“იმედის” დირექტორი: გახარიას მიერ პოსტის დატოვება ენმ-ის ინტერესებს ემსახურებოდა

3 ივნისი, 2021 • 6504
“იმედის” დირექტორი: გახარიას მიერ პოსტის დატოვება ენმ-ის ინტერესებს ემსახურებოდა

ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი ნიკა ლალიაშვილი განმარტავს, რატომ არ მივიდა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პრესკონფერენციაზე. ამავდროულად, უარს ამბობს პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის შეთავაზებაზე პირდაპირ ეთერში ინტერვიუს შესახებ.

“როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილს მაინც დარჩა კითხვა, რატომ არ ესწრებოდა ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენელი გიორგი გახარიას მიერ შემოთავაზებულ ფორმატს. ამიტომ, საჭიროდ მივიჩნევთ, განვმარტოთ — სამწუხაროა, რომ ახალშობილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლის სლოგანია „არავის წინააღმდეგ“, თავისი აქტივობა დაიწყო მედიის მისამართით „თითის ქნევით“ და გაილაშქრა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. ამ შეკრებაზე ჩვენი ტელეკომპანია არ იყო წარმოდგენილი მარტივი მიზეზით: ჩვენ შემოგვთავაზეს ფორმატი, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანებს ერთად იბარებდნენ ინტერვიუზე გიორგი გახარიასთან. დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ფორმატი გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას, ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში”, — აცხადებს ტელეკომპანია „იმედი“ და დასძენს, რომ არ მიიჩნია მოძრაობის „საქართველოსთვის“ შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და “არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი”.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტელეკომპანია, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. შესაბამისად, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას, რასაც მხილებით და სიმართლის თქმით ვაკეთებთ. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას — გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება იმ მომენტში ცალსახად ემსახურებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს. რაც შეეხება მის სურვილს, დავუთმოთ „იმედის“ ყველაზე რეიტინგული ეთერი – ბატონი გახარიას მიერ ჩვენს ტელეკომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმის შემდეგ მისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა ჯერჯერობით არარელევანტურად გვეჩვენება”, — აცხადებს ლალიაშვილი.

31 მაისს პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეხვედრაზე ტელევიზიების “თოქ შოუების” წამყვანებთან “იმედი” და “პოს ტვ” არ მივიდნენ.

გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “იმედს”, როგორც ყველაზე რეიტინგულ არხს, შესთავაზა თავისი პირველი ეთერი.

გახარიამ, ასევე, თქვა, რომ “იმედის” არყოფნა აჩვენებს, რომ “პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა”.

“მაშინ, როდესაც 4 თვის უკან დიდი საიმოვნებით იყო “იმედის” ნებისმიერი კარი ჩემთვის გაღებული, დღეს არცერთ ღონისძიებაზე არცერთი მოსულა. ძალიან გამიკვირდა, “რუსთავი 2″ რომ მოვიდა”, — დასძინა გახარიამ.

კითხვაზე, აქამდე არ იცოდა, რომ “იმედი” პოლიტიკური ტელევიზიაა, გახარიამ უპასუხა: “ეჭვი მეპარებოდა”.

განახლება: თავდაპირველ ტექსტში თავად ტელეკომპანიაზე დაყრდნობით ეწერა “იმედის” განცხადება”, თუმცა შემდეგ დაზუსტდა, რომ განცხადება “იმედის” დირექტორ ნიკა ლალიაშვილს ეკუთვის.

“იმედი” და “პოს ტვ” გახარიასთან შეხვედრაზე არ მივიდნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი