ახალი ამბები

“იმედი” და “პოს ტვ” გახარიასთან შეხვედრაზე არ მივიდნენ

31 მაისი, 2021 • 1170
“იმედი” და “პოს ტვ” გახარიასთან შეხვედრაზე არ მივიდნენ

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეხვედრაზე ტელევიზიების “თოქ შოუების” წამყვანებთან “იმედი” და “პოს ტვ” არ მივიდნენ.

გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “იმედს”, როგორც ყველაზე რეიტინგულ არხს, შესთავაზა თავისი პირველი ეთერი.

“სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო “იმედის” და “პოს ტივის” ადგილები თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოვიწვიეთ. უფრო მეტიც, ვთხოვეთ, აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, “იმედი” ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. უბრალოდ, ამას თავისი ახსნას აქვს.

ზუსტად ვიცი, რომ “იმედის” ბევრი ჟურნალისტი ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია აქ წარმოდგენილი. საპასუხოდ, იქიდან გამომდინარე, რომ “იმედი” არის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ტელევიზია, მინდა შევთავაზო ჩემი პირველი პირდაპირი ეთერი ტელევიზიაში მათთან, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი იქნება”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ, ასევე, თქვა, რომ “იმედის” არყოფნა აჩვენებს, რომ “პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა”.

“მაშინ, როდესაც 4 თვის უკან დიდი საიმოვნებით იყო “იმედის” ნებისმიერი კარი ჩემთვის გაღებული, დღეს არცერთ ღონისძიებაზე არცერთი მოსულა. ძალიან გამიკვირდა, “რუსთავი 2″ რომ მოვიდა”, — დასძინა გახარიამ.

კითხვაზე, აქამდე არ იცოდა, რომ “იმედი” პოლიტიკური ტელევიზიაა, გახარიამ უპასუხა: “ეჭვი მეპარებოდა”.

პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შემდეგ გიორგი გახარია ჟურნალისტებისთვის პირველ პრესკონფერენციას მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი