“Procter & Gamble არის უახლესი კომპანია, რომელმაც გაწყვიტა კავშირი ქართულ ტელეარხთან მას შემდეგ, რაც მას გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქციები დაუწესდა და რუსული სახელმწიფოს რუპორად შეფასდა” –  ამ ინფორმაციას ბრიტანული ბიზნეს-გამოცემა City AM ავრცელებს.

Procter & Gamble არის მასშტაბური საერთაშორისო კომპანია, რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა: Gillette, Pampers, Head and Shoulders, Tide, Ariel და სხვა.

გამოცემის ცნობით, ის აგრძელებდა რეკლამირებას „იმედზე“, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში ეს ტელეკომპანია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

შიდა მოკვლევამ, რომელიც P&G-ის ევროპის ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელმა და უფროსმა დირექტორმა, ჯონ ბრენდონმა ჩაატარა, განაპირობა ის, რომ ორშაბათს კომპანიამ მედიაორგანიზაციასთან ბიზნეს-ურთიერთობა გააუქმა, იუწყება City AM.

მსგავსი მოკვლევა დაიწყო Nestle-მაც, რომელსაც კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის გლობალური ხელმძღვანელი, ლიენ ჯილი უძღვება, რის შესახებაც გუშინ City AM იტყობინებოდა. სხვა გლობალურმა ბრენდებმა, მათ შორის BBC-ის კომერციულმა ფრთამ, „იმედთან“ კავშირი მაშინვე გაწყვიტეს, როგორც კი ის საგარეო უწყებამ სანქცირებული კომპანიების სიაში შეიყვანა.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, Procter & Gamble რუსეთში თავისი ოპერაციების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. 2023 წლის თებერვალში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ის „ომის საერთაშორისო სპონსორად“ დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში თავისი საქმიანობა შეამცირა, მათ შორის შეწყვიტა ახალი კაპიტალური ინვესტიციები და შეაჩერა მედია, სარეკლამო და პრომო-აქტივობები.

Procter & Gamble-ის სპიკერმა განაცხადა:

„P&G იცავს კანონს ყველა იმ ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს ვემსახურებით და მკაცრად ვუდგებით სანქციებთან შესაბამისობის საკითხს, მათ შორის ჩვენი მედიის შესყიდვის პრაქტიკაშიც. ჩვენ არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი. თუმცა ნებაყოფლობით შევცვალეთ ჩვენი მიდგომა და შევაჩერეთ რეკლამების განთავსება ტელეკომპანია „იმედზე“ საქართველოში.“

“ქართული ტელეარხი, რომელიც 2003 წელს მაგნატმა ბადრი პატარკაციშვილმა დააარსა, შეტანილია გაერთიანებული სამეფოს სანქციების ოფიციალურ სიაში და აღწერილია, როგორც გამავრცელებელი „წინასწარ განზრახული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.“

“ტელეკომპანია „იმედი“ „მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა თუ დამოუკიდებლობას“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO).

„კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს კონტენტს იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, რომ უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ”, – ნათქვამია City AM-ის სტატიაში.