ახალი ამბები

მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი – კობახიძე ნინოწმინდაზე

3 ივნისი, 2021 • 1092
მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი – კობახიძე ნინოწმინდაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ყველაფერი მაქსიმალურად საჯარო უნდა იყოს.

მისი თქმით, გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით მინიმალური ეჭვიც არ უნდა დარჩეს.

“ერთადერთი პოზიცია, რაც შეიძლება დავაფიქსიროთ, არის ის, რომ მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. აქ საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს და დაუშვებელია, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე. აბსოლუტურად გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ამ საქმეს უკავშირდება.

აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს სრული და მაქსიმალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი