ახალი ამბები

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ახლა 150-მდე ბავშვია – მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

2 ივნისი, 2021 • 1529
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ახლა 150-მდე ბავშვია – მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 150 ბავშვი იზრდება. ამის შესახებ მან საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ახლა ვართ წმინდა ნინოს ბავშვთა სახლში, იმ ბავშვთა სახლში, ასეთ შეტევებს რომ განიცდის. ბევრი ბავშვი იზრდება აქ, 100-ზე მეტი ბავშვი იყო, ახლა 150-მდეა”, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.

ნინოწმინდის ბავშთა სახლი მართლამდიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია. აქამდე არსებული ინფორმაციით, ცნობილი იყო , რომ პანსიონში 56 ბავშვი ცხოვრობდა.

ნინოწმდნდის პანსიონში ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის უკვე თვეზე მეტია სახალხო დამცველს არ უშვებენ.  ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [2 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

ამასთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი