ახალი ამბები

“სისტემას დღეში ასობით ადამიანი ტოვებს” – დავითულიანი ყოფილ პოლიციელზე

2 ივნისი, 2021 • 5875
“სისტემას დღეში ასობით ადამიანი ტოვებს” – დავითულიანი ყოფილ პოლიციელზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ყოფილი პოლიციელის, ზურაბ ხმელიძის განცხადებას, რომ უკანონო დავალებებს იღებდა, დადასტურება სჭირდება. ამას გარდა, დავითულიანი ამბობს, რომ შესაძლოა ის ეწინააღმდეგება ნამახვანჰესის მშენებლობას აქციის მონაწილეების მსგავსად და ამიტომ ისაუბრა ამ საკითხებზე.

“ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მივიდეს საკუთარ საცხოვრისში, თუ ეს მისი საკუთრებაა. ამას პოლიცია ვერ აუკრძალავს და ტყუილია, ეს თუ ასე ითქვა.. სისტემას ტოვებს დღეში ასობით ადამიანი, ზოგი რა მიზეზით, ზოგიც – რა. თუ სამართლებრივი პრეტენზია აქვს, მიხედოს საქმეს, იჩივლოს… უკანონო ბრძანებებს ვიღებთო, რომ ამბობს, ამას დადასტურება უნდა. იქნებ უბრალოდ ემხრობა ამ  ნამახვანჰესის საპროტესტო აქციას და  შინაგანად ამის მომხრეა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი”,-უთხრა “მთავარ არხს” დავითულიანმა.

მოქალაქე ზურაბ ხმელიძე, რომელიც ამბობს, რომ ვანის პოლიციაში დეტექტივის თანაშემე-გამომძიებელი იყო, აცხადებს, რომ სოლიდარობას უცხადებს „რიონის ხეობის მცველებს“, რომელთაც თვითონაც უზღუდავდა გადაადგილების თავისუფლებას პოლიციელის რანგში და სამსახურს ტოვებს.

ხმელიძის ინტერვიუ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა პირველ ივნისს. ინტერვიუში ის ამბობს:

„ჩემი სახელია ზურაბ ხმელიძე. ვმუშაობ ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. სისტემაში ვარ უკვე 9 წელია.

მე მინდა, რომ ასე, პირდაპირ გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით.

აქამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ, რაც ხდება ნამოხვანში.

სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომელსაც უკანონოდ ელახება კონსტიტუციური უფლება და არა აქვთ თავიანთ  სახლში გადაადგილების უფლება.

პოლიციის მიერ… ჩემ მიერაც, ასე ვთქვათ… მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ იქით [ბლოკპოსტს მიღმა], საიდან არიან, სადაც აქვთ საცხოვრებელი სახლი, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას…

ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზეც, სინდისზეც, ნამუსზეც, როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა ქვეყნისთვის და შენ, ფორმიან ადამიანს, რომელსაც გევალება საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი მიწის დაცვა, განზე ხარ გამდგარი და, პირიქით, ხელს უშლი მათ“...

„საშიში პრეცედენტი“ – ბლოკპოსტი და ბარიკადები რიონის ხეობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი