ახალი ამბები

„არავის გვინდა, კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ქვეყანა“ — დავითულიანი

5 ივნისი, 2023 • 1497
„არავის გვინდა, კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ქვეყანა“ — დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ არ მოსწონს საქართველოში ძალოვანი აქცენტების მქონე პირთა ხილვა.

„არავის გვინდა კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა… მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე ვიღაც გაუგებარი ადამიანები, რომლებსაც (თავის ქვეყანაში და არა — საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში) იარაღით ფოტოები აქვთ გადაღებული. თუ სურვილს მეკითხებით, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში“, — განუცხადა დავითულიანმა „ფორმულას“.

მიუხედავად ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულ პირებს არც ოკუპაციის კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც ისეთი ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს ცალსახად მიანიშნებდა, რომ ქვეყანაში მათი შემოშვება არ შეიძლება.

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული. მასზე ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით.

ყველა სანომრე ნიშანში ფიგურირებს რიცხვთა წყობა – 777. მაგალითად, მათ შორის, A777AC და C777CE. რუსული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩნეთის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ითვლებოდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო სოციალური წრის წევრად.

„ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი დიტო სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ “გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად და მიანიშნებს, რომ ისინი არა ე.წ. კადიროველები, არამედ პირიქით, რამზან კადიროვთან დაპირისპირებული ადამიანები არიან.

ბექა დავითულიანი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში სტუმრად მყოფი პირები ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის რეალური ოპოზიცია არიან.

„გროზნოს მერი ყოფილია და მოხსნა პირადად კადიროვმა. რაც შეეხება ბიზნესმენს, ის დააკავეს და გამოუშვეს. ისეთი ოპოზიცია რომ იყოს, მგონია, რომ ჩეჩნეთში საერთოდ ვერ იცხოვრებდა“, — თქვა მან.

დეპუტატისვე ინფორმაციით, ზემოაღნიშნულმა პირებმა საქართველოში „დაისვენეს“ და ქვეყანა უკვე დატოვეს. დავითულიანი ასევე აცხადებს, რომ „როცა თემა იწევა, სჯობს სწრაფი რეაგირება იყოს“.

კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში? – რა ვიცით ამ დრომდე

მასალების გადაბეჭდვის წესი