ახალი ამბები

სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ძალა, რომ ტერიტორიები დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით – დავითულიანი

11 დეკემბერი, 2023 • 1137
სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ძალა, რომ ტერიტორიები დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით – დავითულიანი

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ბექა დავითულიანის განცხადებით, საქართველოს შესაბამისი ძალა რომ ჰქონდეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ძალისმიერი  მეთოდებით დაიბრუნებდა.

ამის შესახებ დავითულიანმა ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას დაღუპვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიები ოკუპირებულია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორიები დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ასე მოვიქცეოდით, ალბათ, აი, იმ პირობებში, როცა რაღაცები ხდება იქ, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევენ და კლავენ, მაგრამ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. ჩვენ ამ მდგომარეობაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ინსტრუმენტებით და შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია, მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი თანამემამულეების უფლებების დაცვისთვის.  ეს არის საერთაშორისო ინსტრუმენტები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობა მიდის, რათა შედეგი იქნას მიღწეული და რაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები“, –  განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„ქართული ოცნების“ გაცხადებული პოზიციაა, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობასა და შერიგებაზე გადის და ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება.


9 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი