ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი გუგუჩია დაინიშნა

2 ივნისი, 2021 • 2169
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი გუგუჩია დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი გუგუჩია დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა ახალი რწმუნებული რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარუდგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონის ახალმა რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და  იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისათვის პრიორიტეტულია.

„გიორგი გუგუჩია არის საკმაოდ გამოცდილი კადრი, იგი წლების მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, იყო ანტიკორუფციული სააგენტოს სამხარეო დანაყოფის ხელმძღვანელი, ამდენად, მისთვის ცნობილია რეგიონის სპეციფიკა. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ სახელმწიფო რწმუნებულს თავის საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, იგი იქნება მრავალი კარგი პროექტის თანაავტორი და თანამონაწილე“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

გიორგი გუგუჩიამ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთლიანად საქართველოს მთავრობას გამოცხადებული დიდი ნდობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ძალიან დიდი პატივია, ვემსახურო ჩემს ქვეყანას სწორედ იმ რეგიონიდან, რომელიც არის ჩემთვის მშობლიური და სადაც ვარ დაბადებული. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, დარწმუნებული ვარ ,ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას და რეგიონის სწრაფად განვითარებისთვის ხელშეწყობას“, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.


სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, მალხაზ თორიამ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

თანამდებობიდან წასვლის მიზეზებსა და სხვა დეტალების შესახებ მალხაზ თორია არ საუბრობს.

გუბერნატორობამდე მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის და ამჟამად ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას მოადგილე იყო. სწორედ მოწერელიას პარლამენტში გადანაცვლების შემდეგ დაიკავა მან გუბერნატორის თანამდებობა.

უცნობია, შეურთდება თუ არა თორია გახარიას ახალდაფუძნებულ პოლიტუკურ მოძრაობას “საქართველოსთვის”. თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში ადგილობრივი მთავრობების არაერთ წარმომადგენელს გახარიას მხარდაჭერის გამო თანამდებობის პირადი განცხადების საფუძველზე დატოვება მოუწიათ.

მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალიაც, რომელიც ამბობს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გიორგი გახარიას გუნდს შეურთდა და თანამდებობა დატოვა ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი