ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ [არ] გაქრება მეგრული, სვანური და ლაზური ენები – ინტერვიუ ბუბა კუდავასთან

19 აპრილი, 2021 • 6217
როგორ [არ] გაქრება მეგრული, სვანური და ლაზური ენები – ინტერვიუ ბუბა კუდავასთან

საქართველოში, გარდა ქართული ენისა, ასევე გავრცელებულია სამი სხვა ქართველური ენა, მათ შორის: მეგრული, ლაზური და სვანური, რომელთაც, ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოლოგების ნაწილის აზრით, გაქრობის საფრთხე უდგათ.

ამ ენების გაქრობის საფრთხეზე მიუთითებს იუნესკოს საფრთხეში მყოფი ენების ატლასიც, სადაც სამივე ენას მინიჭებული აქვს გაქრობის “ცხადი საფრთხის” კლასიფიკაცია.

გასულ ოთხშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ასევე განაცხადა მეგრული და სვანური ენების როლის შესახებ და გამოთქვა მათი სკოლებში სწავლების ინიციატივა.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ გაქრობის რა საფრთხეები უდგათ ლაზურს, მეგრულსა და სვანურს, რით არის გამოწვეული ეს საფრთხეები, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ენების დასაცავად და რა ხედვა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. ამ და სხვა კითხვებით ქართველ ისტორიკოსს, ბუბა კუდავას მივმართეთ.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი “ვერ აცნობიერებს ქართველური ენების მემკვიდრეობის მნიშვნელობას”, ხოლო მეორე ნაწილისთვის “არსებობს გარკვეული ფობიები, რომ ამ ენების განვითარებისა და ზრუნვისთვის გადადგმული ნაბიჯები შეიძლება ერისთვის გამთიშველი აღმოჩნდეს”.


ისტორიკოსი ბუბა კუდავა არის გამომცემლობა “არტანუჯისა” და სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასულიერო აკადემიაში. იგი ასევე არის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. 

რა პრობლემის წინაშე დგას ქართველური ენები და არსებობს თუ არა მათი გაქრობის რეალური საფრთხე?

გლობალიზაციამ და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ დიდი საფრთხის წინაშე დააყენა შედარებით მცირე ენები, რადგან, რაც დრო გადის, მოსახლეობა მხოლოდ განათლების, კომუნიკაციების ენებზე საუბრობს და ნელ-ნელა სხვა ენების საჭიროება დაიკარგა. ეს არის გლობალური ტენდენციები. იმასაც, ზოგჯერ ამბობენ, რომ ამ პროცესის შედეგად, “მსოფლიოს მასშტაბით კვირაში ერთი ენა ქრება.”

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ხშირად ამ ენების მცოდნე მშობლები განზრახ არ ასწავლიან საკუთარ შვილებს ენას, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართულად განათლების მიღებაში სხვა ენის ცოდნა ხელს შეუშლით და ასევე, ამ გზით საკუთარი შვილები აქცენტს “მოიშორებენ”, რაც ასევე არასწორი ხედვაა.

ხშირად მეუბნებიან, რომ ამ ენების გაქრობის საფრთხეები არ არსებობს და მაგალითად საკუთარი თავი მოჰყავთ, “როგორ, ამდენი ადამიანი ლაპარაკობს ამ ენებზე, ჩვენ სულ მეგრულად ვსაუბრობთ”, – მეუბნებიან ისინი. ეს გარკვეულწილად მართალია, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ამ ენებზე ძირითადად საუბრობს უფროსი და საშუალო თაობა. ახალი თაობა თითქმის არ საუბრობს, უკეთეს შემთხვევაში მათ ესმით ეს ენები, თუმცა ეს არ ნიშნავს ენის ცოდნას. იმისათვის, რომ ენა შენარჩუნდეს, მასზე აქტიურად უნდა საუბრობდეს სამივე თაობა, როგორც თაობებს შიგნით, ისე თაობებს შორის.

თუ დავაკვირდებით, თაობებს შორის, ძირითადად უფროსსა და საშუალო თაობასა და ახალ თაობას შორის, საკომუნიკაციო ენა არის ქართული, ხოლო ლაზების შემთხვევაში თურქეთში – თურქულიც. ეს იწვევს ენის თანდათანობით დასუსტებასა და წარმოადგენს საფრთხეს.

თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქართველური ენები საფრთხის წინაშე დგას, თუმცა ადამიანთა  ნაწილისთვის ეს სრულიად არ წარმოადგენს პრობლემას. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ენების დაცვა?

მე ჩემს ბევრ მეგობართან მიწევს ამაზე კამათი. ისინი დაუფარავად ამბობენ, “რა საჭიროა ამ ენების შენარჩუნება”, მათ შორის ისინიც, ვინც იმ კუთხეებიდან არიან წარმოშობით, სადაც ეს ენებია გავრცელებული. თურქეთშიც შემხვედრია ლაზებიც, რომლებიც საკუთარ შვილებს ენას არ ასწავლიან, რადგან მიაჩნიათ, ამ ენას ვერაფერში გამოიყენებენ.

ამგვარი მიდგომა შეგვიძლია გავავრცელოთ ყველა ჩვენს ისეთ მემკვიდრეობაზე, რომელიც დღეს არ გვეჩვენება პრაქტიკულად, მაგალითად, ჩვენს პოლიფონიაზე. ცხოვრება კვლავ გაგრძელდება, რომ არ გვქონდეს ქართული სიმღერა, თუმცა ეს არ იქნება სწორი.

ეს არის ჩვენი უზარმაზარი მემკვიდრეობა და ხალხი, რომელიც საკუთარ მემკვიდრეობას არ უფრთხილდება, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ექმნება მის იდენტობასა და სახელმწიფოებრიობას სხვადასხვა სახის პრობლემები. და პირიქით, ხალხი, რომელიც ზრუნავს საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე, არის ძლიერი იდენტობის და  შემდგომ წარმატებულია ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპარესზე.

გარდა ამისა, ეს ენები არის “უმდიდრესი საბადო”, რადგან ისინი არიან უდიდესი მარაგი ქართული სალიტერატურო ენისა და ლიტერატურისთვის ეს არის უდიდესი მემკვიდრეობა.

ჩვენ არა მხოლოდ მორალური ვალდებულება გვაქვს ამ ენების შენარჩუნების, არამედ მათ გააჩნიათ პრაქტიკული მნიშვნელობაც, რადგან წლების, საუკუნეების შემდეგ, შესაძლოა ამ ენებიდან ისეთი სახის ინფორმაცია მივიღოთ, რომლებიც დღეს ჩვენთვის გაუგებარია, რადგან კვლევები აქამდე არ მისულა.

ასევე უნდა ითქვას, რომ არ არის სწორი წარმოდგენა, თითქოს ერთი ენა უდრის ერთ ერს. ასეთი წარმოდგენა გამოიწვია გარკვეულწილად ცოდნის არქონამ. ენა, რა თქმა უნდა, არის ერის იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორი, თუმცა, არა ერთადერთი. არცერთი ამ ენების [ლაზური, მეგრული, სვანური] მატარებელი ხალხი არ თვლის, რომ ქართული მათი მშობლიური ენა არაა. ასეთი მაგალითი მსოფლიოში უამრავია, როდესაც მსოფლიოში ერთი და იგივე ერს აქვს რამდენიმე ენა, ზოგჯერ- ერთმანეთისთვის არამონათესავე ენებიც კი. ჩვენ ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოვადგენთ, თუ სადმე ასე არ ხდება, მაშინ სწორედ ესაა გამონაკლისი.

მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სწორედ ენებზე არზრუნვა, მემკვიდრეობის არდაცვა იწვევს რიგ პრობლემებს და არა -პირიქით.

რა უნდა გაკეთდეს ამ ენების შენარჩუნებისთვის?

პირველ რიგში, საზოგადოებაში ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე, უნდა ამაღლდეს ცნობადობა ამ საკითხების მიმართ. ძალიან ბევრის აღქმაში სვანური, მეგრული და ლაზური განიხილება, როგორც მხოლოდ ოჯახში გამოსაყენებელი ენები.

მოდი, ვაღიაროთ, ძალიან ხშირად არსებობს გარკვეული ირონიული დამოკიდებულება ამ ენებისადმი. მაგალითად, ორმა ადამიანმა ერთმანეთთან რომ დაილაპარაკოს მეგრულად, ამას საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შესაძლოა მოჰყვეს ან გაღიზიანება, ან ირონია.

ენის დასაცავად, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს ბევრი სხვადასხვა პროექტი, ცნობადობა უნდა ამაღლდეს, უნდა არსებობდეს საშუალებები ამ ენების სწავლისათვის, მათ შორის- სკოლაშიც.

ამაზე განათლების შესაბამისმა ექსპერტებმა უნდა იმუშაონ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, საქართველოს ყველა კუთხეში უნდა ისწავლებოდეს რაიმე ფორმით [მათ შორის არჩევითად] ეს ენები, თუმცა საკუთრივ ამ კუთხეებში [ლაზეთი, სვანეთი, სამეგრელო] უნდა ისწავლებოდეს კიდევ უფრო გაძლიერებულად, რადგან ბავშვი იმ საზოგადოებიდან და ოჯახიდან, სადაც ერთი სიტყვაც არ იციან მეგრულად ან სვანურად და, მეორე მხრივ, სამეგრელოს ან სვანეთის რომელიმე სოფლის მკვიდრი ოჯახის შვილი, რომლისთვისაც ეს ენები უფრო ახლოა, ერთი სასწავლო პროგრამით არ უნდა ისწავლობდეს.

მე არ მავიწყდება ერთი ჩემთვის საპატივსაცემო სვანის სიტყვები. მან მითხრა, რომ სვანურისთვის სივრცე აღარ რჩება. თუ ოფიციალური შეხვედრა იქნება, იქ ქართულია სასაუბრო ენა, ქელეხში ან ქორწილშიც ქართულად საუბრობენ, რადგან სტუმრებიც იმყოფებიან, ქუჩაშიც ქართული ენაა ძირითადი, ეკლესიაშიც ქადაგება ქართულ ენაზეა, სვანური კი მხოლოდ ბუხრის პირას რჩება სასაუბრო ენად.

ენა ასე მოკვდება. ბევრი ენა რეპრესიებს განიცდიდა, იყო პერიოდი, როდესაც აკრძალული იყო ირლანდიური, ასევე, ქართული ენა თურქეთში. შესაბამისად, ეს ყოველივე აისახა ამ ენების დღევანდელ მდგომარეობაზე.

ასევე, თუ ამ სივრცეს, რა თქმა უნდა, არა ამგვარი რეპრესიული მეთოდებით, მაგრამ შედარებით რბილი მეთოდებით მაინც შევუზღუდავთ, ეს ენებიც გაქრება. გამოსავალიც სწორედ ესაა, რომ შეიქმნას საარსებო სივრცე, ანუ ისეთი არეალი, სადაც ამ ენებს გამოიყენებენ.

ერთ რამეში დავრწმუნდი, თუ სახელმწიფოებრივ დონეზე არ ავიდა ამ ენების საკითხი, ისე პრობლემა ვერ მოგვარდება. ენის პოპულარიზაცია, გარკვეული პროექტების განხორციელება შეუძლია არასახელმწიფო ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებსაც, მაგრამ მათი რესურსები არ არის საკმარისი. გარკვეული სტატუსი ამ ენებს აუცილებლად სჭირდებათ, რათა სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება, რომ იზრუნოს ამ ენებზე.


ამ ეტაპზე ქართველური ენებიდან სამს – მეგრულს, სვანურსა და ლაზურს საქართველოში ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.

საქართველო 1999 წელს ევროპის საბჭოს წევრი გახდა, რითაც ავტომატურად დააფიქსირა საკუთარი ღირებულებების თანხვედრა რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიაში მოყვანილ პრინციპებთან მიმართებით, თუმცა დოკუმენტის რატიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. შესაბამისად ,ის ჯერჯერობით არ ასახულა ქვეყნის კანონმდებლობაში და არ გააჩნია აღსრულებითი ძალა.

რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტია რეგიონალურ ენას განმარტავს, როგორც ენას, რომელსაც ტრადიციულად გამოიყენებენ სახელმწიფოს შესაბამის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც რიცხობრივად უფრო პატარა ჯგუფს ქმნიან, ვიდრე ამ სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ენები რეგიონალურ ენებად იქნება მიჩნეული, სახელმწიფო ვალდებული ხდება, რომ უზრუნველყოს ამ ენებზე სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო ენის სწავლების პროცესი.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, გეგმავს თუ არა საქართველოს განათლების სამინისტრო, მათ შორის საშუალო განათლების საფეხურზე, მეგრულის, სვანურის ან ლაზურის რაიმე ფორმით სწავლებას, სადაც განგვიცხადეს, რომ ამგვარი რამ სასკოლო ეტაპზე არც მიმდინარეობს და არც იგეგმება. თუმცა ამ ენების შესწავლა შესაძლებელია უმაღლესი განათლების დაწესებულებების ქართველოლოგიის მიმართულებებზე.

ნეტგაზეთი ასევე შეეცადა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოეთხოვა სტატისტიკა, თუ როგორ იცვლება ამ ენებზე მოსაუბრეთა რიცხვი დროის მიხედვით, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველო ამგვარ სტატისტიკას არ აწარმოებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი