ახალი ამბები

თანამდებობა პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა – Livepress

25 ოქტომბერი, 2021 • 3857
თანამდებობა პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა – Livepress

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის მაიორი გიორგი ბერიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

რეგიონალური მედიის, Livepress-ის ინფორმაციის თანახმად, ბერიშვილი სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროს ლექსო რაფავას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ნეტგაზეთი შსს-ში ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა  21 ოქტომბერს ხობში დააკავეს. მისი ახლობლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით,  ბოლო პერიოდში რაფავა საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული ოპოზიციის რიგებიდან და ამის გამო მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.

ხობში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგნენ ომარ არქანია, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო, და რევაზ ლაზიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა. სამსახური დატოვა ჭაბუკა რაფავამაც, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი