ახალი ამბები

სახელმწიფო არქივებში მკვლევართათვის მუშაობა, რეალურად, შეუძლებელია — “სოვლაბი”

2 ივნისი, 2021 • 955
სახელმწიფო არქივებში მკვლევართათვის მუშაობა, რეალურად, შეუძლებელია — “სოვლაბი”

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”(SOVLAB) პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, სახელმწიფო არქივებში მკვლევართა მუშაობისთვის შესაბამისი გარემო შექმნან. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის თანმდევი რეგულაციების შემსუბუქების ფონზე არქივებიც გაიხსნა, შესაბამისი პირობების არარსებობის გამო სამეცნიერო საზოგადოება კვლავ არაერთ პრობლემას აწყდება.

სახელმწიფო არქივების, ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებების მუშაობა ქვეყანაში 2019 წელს პანდემიის კრიზისის გამო შეწყდა და იმავე წლის შემოდგომაზე აღდგა. თუმცა კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა და ასე გაგრძელდა 2020 წლის მარტამდე.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად და პროფესიულად არიან ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან დოკუმენტურ წყაროებზე წვდომა,ფაქტობრივად, შეუწყდათ, რადგან ხსენებული არქივების დიგიტალიზაციის დონე და სერვისი უმნიშვნელოა, ან საერთოდ არ არის განკუთვნილი საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ამ ყოველივემ ძალიან მძიმე კვალი დატოვა სამეცნიერო კვლევის პროცესზე და, ფაქტობრივად, გააჩერა რიგი კვლევები ან განუსაზღვრელი დროით გადაავადა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაცნობიერებდით პანდემიით შექმნილი ვითარების სიმძიმეს და მოთმინებით ველოდით შეზღუდვების მოხსნასა და ჩვეული სამუშაო რეჟიმის აღდგენას არქივებში”, — აცხადებს “სოვლაბი”.

ორგანიზაციის თანახმად, ახლაც კი, როცა სახელმწიფო არქივები ოფიციალურად გაიხსნა, იქ მუშაობა მკვლევართათვის “რეალურად შეუძლებელია”. აღნიშნულს “სოვლაბი” ბიუროკრატიული პროცედურებით ხსნის:

“ეროვნულ არქივში მოქალაქემ/მკვლევარმა ჯერ ტელეფონით უნდა დაჯავშნოს ადგილი, შემდეგ მივიდეს და ელოდოს, როდის გათავისუფლდება დარბაზში ადგილი, რადგან პანდემიის საბაბით მკვლევრების მცირე რაოდენობას უშვებენ სამკითხველო დარბაზში.

შსს-ს აკადემიის არქივში (ყოფილი კგბ-ს და პარტიის არქივები) ერთდროულად მხოლოდ 1 მოქალაქის მიღებაა დაშვებული”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, სისტემა საქმის გამარტივებას შეეცადა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაკეტილობის პერიოდში სამკითხველო სივრცის გაფართოებაზე, მკითხველთათვის ადგილების დამატებაზე, დისტანციური/ონლაინსერვისების დანერგვაზე ან ადგილების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმის შექმნაზე ეზრუნა:

“პრაქტიკაში ჩვენ ვხედავთ ამოცანების გამარტივების პოლიტიკას ისევ მკვლევართა დროისა და ენერგიის ხარჯზე, რაც აუტანელს ხდის კვლევითი საქმიანობის გარემოს და, ფაქტობრივად, მეორე წელს აკარგვინებს სამეცნიერო საზოგადოებას”.

“სოვლაბი” სთხოვს შესაბამის უწყებებს, მიიღონ ზომები, რათა სახელმწიფო არქივებში მკვლევართა მომსახურეობა დაუბრუნდეს ნორმალურ რეჟიმს, პანდემიისაგან დაცვის აუცილებელი ზომების გათვალისწინებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი