ახალი ამბები

არასრულწლოვანზე ძალადობაში დადანაშაულებული მიტროპოლიტი ნინოწმინდის პანსიონში შეუშვეს

1 ივნისი, 2021 • 3511
არასრულწლოვანზე ძალადობაში დადანაშაულებული მიტროპოლიტი ნინოწმინდის პანსიონში შეუშვეს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) შეუშვეს.

მიტროპოლიტ სერაფიმეს პანსიონატში სტუმრობის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.

გაეროს მიერ დაწესებული ვალდებულების მიუხედავად, ბავშვთა უფლებების მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველს იქ კვლავ არ უშვებენ.

მიტროპოლიტი სერაფიმე 2017 წელს ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ნეტგაზეთი“ მაშინ გოგონას ოჯახის წევრსაც ესაუბრა, თუმცა საჯარო საუბარი არ ისურვა და გვითხრა, რომ საპატრიარქოს ქმედებებს დაელოდებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს გახდა მიროპოლიტ სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლის მიზეზი.

მიტროპოლიტ სერაფიმეს მოწინააღმდეგეები, ბორჯომს გარდა, ავსტრიასა და გერმანიაშიც გამოუჩნდნენ, — საპატრიარქო იქ გზავნიდა მღველმსახურებისთვის.

2017 წლის 17 იანვარს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად ინიშნებოდა, იქ მომუშავე სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა პროტესტი გამოთქვა – მათ არ სურდათ, რომ „უმძიმესი ბრალდებების“ გამო სერაფიმე გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრებულიყო.

სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის შემდეგ მიტროპოლიტმა გაავრცელა განცხადება, რომ იგი უარს ამბობდა გერმანიაში გამგზავრებაზე.

2017 წლის 11 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა სერაფიმეს აღუდგინა მღვდელმოქმედება, გაანაწესა მამათა მონასტერში და ყოველთვიური ფინანსური დახმარება დაუნიშნა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში რამდენიმე დღის წინ შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობის მამა-შვილი ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებიც.

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია არავის აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს, მათ შორის, სახალხო დამცველს.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსინოში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსინოში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, პანსიონში არშეშვების კიდევ ფაქტები აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ასე ვერ გაგრძელდება, ვითარება უნდა შეიცვალოს – სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე

მასალების გადაბეჭდვის წესი