ახალი ამბები

ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის თუ ქონებისთვის?

15 თებერვალი, 2017 • 5615
ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის თუ ქონებისთვის?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით მაღალი იერარქიის სასულიერო პირების და მმართველ რგოლის შიგნით დაპირისპირებამ კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადაინაცვლა. მიტროპოლიტი დიმიტრი, ქორეპისკოპოსი იაკობი და თუ კიდევ რომელიმე სხვა მღვდელმთავარი – ვინ შეცვლის პატრიარქის ტახტზე ილია მეორეს?

არის თუ არა მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზის დაკავება ამ დაპირისპირების შედეგი? როგორ ან რატომ მონაწილეობს სახელწმიფო ამ პროცესში? რა როლი აქვს ამ ყველაფერში ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის სპეცსამსახურებს? უკავშირდება თუ არა ეს ბრძოლა პატრიარქის ტახტზე ილია მეორის მემკვიდრის შერჩევის პროცესს? – ეს იმ შეკითხვების არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესის საგანია.

რატომაა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი?

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტიტის (NDI) პოლიტიკური კვლევების მიხედვით პატრიარქი ყველაზე მეტად რეიტინგულია მოსახლეობაში, მთავრობის წევრებსა და პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ ყველა სხვა პირზე მეტად, მათ შორის ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც 2012 წელს ძალიან მაღალი, 80%-ანი მოწონებით სარგებლობდა მოსახლეობაში.

ილია მეორის და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგები NDI-ის კვლევების მიხედვით

ილია მეორის და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგები
NDI-ის კვლევების მიხედვით

2015 წლის აპრილის შემდეგ, NDI-ის პატრიარქისა და ეკლესიის რეიტინგი აღარ გაუზომავს.

2015 წლის აპრილის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე როგორ აფასებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას, 43% პასუხობს  – ძალიან კარგად, ხოლო 32% – კარგად, ანუ ჯამში 75% დადებით აფასებს ეკლესიის საქმიანობას.

[checklist]

  • ეკლესია და სასულიერო პირები გავლენას ახდენენ არჩევნების დროს მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე:

[/checklist]

2016 წლის ივნისის გამოკითხვით, არჩევნებში ხმის მიცემის დროს მრევლის და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები ძალიან მნიშვნელოვანია 12%-ისთვის, ნაწილობრივ მნიშვნელოვანი – 20%, არც მნიშვნელოვანი და არც უმნიშვნელო – 20%.

[checklist]

  • ეკლესიაში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე.

[/checklist]

2015 წლის აგვისტოს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – აქვს თუ არა გავლენა რუსეთს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე? – გამოკითხულთა 13% ფიქრობს, რომ აქვს რაღაც გავლენა, 16%- საშუალო გავლენა, 9% – დიდი გავლენა, 2% – ძალიან დიდი გავლენა. შეკითხვაზე – როგორი უნდა იყოს რუსეთის გავლენა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე? – 57% ამბობს, რომ არანაირი, 11% – მცირე გავლენა, 12% საშუალო გავლენა, 5% – დიდი გავლენა, 1% – ძალიან დიდი გავლენა.

საპატრიარქოში დაპირისპირებული ჯგუფები

ერთის მხრივ, ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), რომელიც პატრიარქის ძმისშვილია და რომლის სიძე (ქალიშვილის ქმარი) სოსო ოხანაშვილი პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი და მასთან დაკავშირებული მთავარეპისკოპოსები, მათ შორის, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. მეორეს მხრივ, ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი და მასთან ერთად, კიდევ ერთი ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი, მდივანი მიქაელ ბოტკოველი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვები. ჯერჯერობით ეს ის ჯგუფებია, რომლებიც ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან.

მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ჯგუფის წევრების საჯარო განცხადებებიდან დაპრისპირების საფუძველია საპატრიარქოში ქონების დატაცების ფაქტები კონკრეტული ჯგუფის მიერ, რომელსაც წარმოადგენენ თეთრუაშვილი-იაკობიშვილი და მათი მომხრეები. თავის მხრივ, ამ ჯგუფის წარმომადგენელი ქორეპისკოპოსი იაკობი  მოწინააღმდეგეებს პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს.

თუმცა, საპატრიარქოში არსებული შიდა დაპირისპირება განსაკუთრებით იმ პერიოდში მწვავდება, როდესაც ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ხოლმე, რაც იმ ვარაუდის საფუძვლიანობას აძლიერებს, ხომ არ არის სახეზე ბრძოლა 84 წლის პატრიარქის ტახტის მემკვიდრეობისთვის.

საჯარო დაპირისპირების ქრონიკა

დაპირისპირებული მხარეების იდენტიფიცირება ადვილად შესაძლებელია იმ პუბლიკაციების მიხედვით, რაც 2015 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება პრესაში, ზოგჯერ ანონიმური ავტორების მეშვეობითაც.

[highlight color=”red”]იანვარი, 2015

შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი. ფოტო: ნეტგაზეთი

შორენა თეთრუაშვილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი. ფოტო: ნეტგაზეთი

გაზეთმა “ქრონიკამ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით – „ამ ტრაგედიის შემდეგ შორენა თეთრუაშვილმა ეკლესიას მიაშურა და პატრიარქის მდივანი გახდა“. ამ სტატიაში რესპონდენტი ოთარ ზვიადაური შორენა თეთრუაშვილს ბრალს სდებს 35 წლის წინ მისი დის – ნაზი ზვიადაურის მკვლელობის საქმეზე კონკრეტული ინფორმაციის დამალვაში, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

[highlight color=”red”]ივლისი, 2015

ილია მეორეს გერმანიაში გულის ოპერაცია უტარდება.

ამ პერიოდში უკვე აქტიურად ავრცელებს “ფეისბუკში” საკუთარ მოსაზრებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის მღვდელმსახურებზე მღვდელ-მონაზონი ილია ვაშაკიძე, რომელიც იმ დროისთვის ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში მსახურობდა, რომელსაც, თავის მხრივ, მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა ხელმძღვანელობდა.

ილია ვაშაკიძე მოითხოვდა ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილისთვის ხარისხის ჩამორთმევას და მისი ბიოგრაფიის გამოქვეყნებას. ილია ვაშაკიძე ასევე ბრალს სდებდა პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს მედიასთან ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

“რაც შეიძლება სასწრაფოდ საპატრიარქომ უნდა შეცვალოს მმართველობის ფორმა ანუ უნდა აღდგეს საკათალოკოსო საბჭო, ისევე, როგორც ეს წმიდა პატრიარქ კირიონ (საძაგლიშვილისა) და წმიდა პატრიარქ ამბროსი (ხელაიას) დროს იყო და ბოლო მოეღოს ერთმმართველობას”, – აცხადებდა ვაშაკიძე.

[highlight color=” red”]დეკემბერი, 2015

სინოდის გადაწყვეტილებით, ილია ვაშაკიძეს მღვდელმსახურება აეკრძალა.

“სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილიას (ვაშაკიძე) შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის იერარქებზე. კონსტანტინეპოლის II კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება,” – სინოდის ეს გადაწყვეტილება მაშინ საზოგადოებას გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო. ვაშაკიძე მაშინ აცხადებდა, რომ სინოდის ეს ოქმი გაყალბებული იყო. თუმცა საბოლოოდ ვაშაკიძე ჩამოაცილეს საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიას.

[highlight color=”red”]ივნისი, 2016

ქორეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: ფეისბუქ გვერდიდან

ქორეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: ფეისბუქ გვერდიდან

გამოქვეყნდა პუბლიკაცია კომპანია “სნო”-ში აქციების გადანაწილების შესახებ, რომლის შედეგად ამ კომპანიაში წილის დათმობა მოუხდა საპატრიარქოს და ამაში პუბლიკაციის ანონიმი ავტორი ბრალს სდებდა პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს, ქორეპისკოპოსებს – იაკობ იაკობიშვილსა და თეოდორე ჭუაძეს.

“ნათქვამია, ციხე შიგნიდან ტყდებაო. ბუნებრივია, გულისწყრომას იმსახურებს ძმები ხარებავების სიხარბით გამსჭვალული ქმედებები, თუმცა არანაკლებ გასაკიცხია  შორენა თეთრუაშვილის, ქორეპისკოპოს თეოდორე ჭუაძისა  და ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის მზაკვრული საქციელი, რომლებიც, სავარაუდოდ, გამორჩენის მოლოდინით, ურცხვად ატყუებდნენ მხცოვან კათალიკოს–პატრიარქს. უნდა ითქვას, რომ პატრიარქის მეტი გარანტიით დარწმუნებისთვის საქმეში ჩართული იყვნენ  მასთან დაახლოვებული სხვა სასულიერო პირებიც, მათ შორის, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული აფიორისთვის ხარებავებს პატრიარქის გარემოცვის მოსასყიდად გამოყოფილი  ჰქონდათ 15 მილიონი ლარი”, – ეს ზემოთ აღნიშნული წერილიდან ამონარიდია.

[highlight color=”red”]ნოემბერი, 2016

31822“პრაიმტაიმში” ირაკლი პაიჭაძის ავტორობით ქვეყნდება პუბლიკაცია, სათაურით – მეუფე თეოდორეს მილიონნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს. ირაკლი პაიჭაძის ავტორობით სხვა რაიმე პუბლიკაცია ინტერნეტსივრცეში არ იძებნება. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან ადგილი აქვს ეკლესიის ქონების დატაცებას. კერძოდ, მოთხრობილია, რომ ასეთი შემთხვევების ერთ-ერთი მაგალითია სახლი ჯანაშიას ქუჩაზე, რომელიც აშენდა მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს სახელმწიფომ გადასცა სამშობიაროს შენობა თარხნიშვილის ქუჩაზე, რომლის სანაცვლოდაც ორთაჭალაში აშენდა წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი.

[highlight color=”red”]1 დეკემბერი, 2016

საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც გამოქვეყნებულ სტატიას “სიცრუე” და “ცილისწამება” უწოდა. საპატრიარქოს განცხადებითვე, არ შეუქმნიათ არანაირი ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოში მაღალ იერარქიაზე მყოფთა ქონებრივ დეკლარაციებს სწავლობს.

[highlight color=”red”]4 დეკემბერი, 2016

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებაზე განაცხადა, რომ საპატრიარქოში კონკრეტული ჯგუფი პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს. ქორეპისკოპოსის თქმით, ეს ჯგუფი პატრიარქის დაცვის სამსახურშია.

“ტყუილად ჰგონიათ, რომ ან სიძეობა ან რამე იმოქმედებს. არც ეპისკოპოსობა არ არის არავისთვის იმუნიტეტი”, – განაცხადა მაშინ ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

ილია მეორე და მისი უსაფრთხოების სამსახური. მარჯვნივ – დაცვის უფროსი, იოსებ ოხანაშვილი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ილია მეორე და მისი უსაფრთხოების სამსახური. მარჯვნივ – დაცვის უფროსი, იოსებ ოხანაშვილი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პატრიარქის დაცვის სამსახურს იოსებ (სოსო) ოხანაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც, თავის მხრივ, არის ბათუმის და ლაზეთის ეპისკოპოსის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის სიძე.

[highlight color=”red”]22 დეკემბერი, 2016

გაიმართა სინოდის სხდომა, სადაც ქორეპისკოპოსი აპირებდა, რომ დაესვა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების საკითხი, ვინაიდან სწორედ მის ხელმძღვანელს ადანაშაულებდა პატრიარქის წინააღმდეგ ქმედებებში და უკავშირებდა ზემოთ აღნიშნული პუბლიკაციის გამოქვეყნებას პრაიმტაიმში. ამ ბრალდებებს უარყოფდა თავად იოსებ ოხანაშვილი:

“ვერ ვხვდები, რატომ და როგორ გამოიწვია ეს [დაპირისპირება]. დეტალები არ ვიცი. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი; ვიცნობ ყველაფერს, იქ [გაზეთ “პრაიმტაიმის” სტატიაში] რაზეც არის საუბარი. უბრალოდ, არანაირი შეხება არ მაქვს. რა ბრალდებებიც აქვს მეუფე იაკობს ჩემ მიმართ, ამ ყველაფერს მე უარვყოფ იმიტომ, რომ არანაირი შეხება არ მქონია. არ არის ეს ჩემი საქმე.”

სინოდის სხდომის დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომ დააყენებდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოხსნის საკითხს, ის საუბრობდა, რომ თეთრუაშვილს აქვს განუზომლად დიდი ძალაუფლება.

საბოლოოდ, სინოდის სხდომაზე არც ეს საკითხი განხილულა და არც დაცვის გაუქმების.

“იმ ძალებს კი, რომლებიც ეკლესიის საზიანოდ შეგნებულად მოქმედებენ, სურთ, რომ დაძაბულობა საჯარო სივრცეში გაღრმავდეს და დაპირისპირების კერები გამრავლდეს. ამიტომაც მივმართავთ სასულიერო პირებს და მრევლს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აჰყვნენ პროვოკაციებს”, – ჩაიწერა 2016 წლის 22 დეკემბრის სინოდის ოქმში.

მიტროპოლიტი პეტრე. 22.12.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მიტროპოლიტი პეტრე. 22.12.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

სინოდის სხდომის შემდეგ “იმედის” ეთერში ისაუბრა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ და გაიხსენა, რომ 2015 წლის დეკემბერშიც, სინოდის სხდომის შემდეგ სცადეს შორენა თეთრუაშვილის ძალაუფლებისგან ჩამოშორება, თუმცა, მისი თქმით, პატრიარქს არწმუნებენ ხოლმე “გარკვეული ადამიანები, რომ ეს ქალბატონი საჭიროა დედაეკლესიაში, საჭიროა ამ მდგომარეობით”. ეს კი მიტროპოლიტს “ძალიან უხერხულ მდგომარეობად” მიაჩნია.

[highlight color=”red”]დეკემბრის ბოლო, 2016

ისევ მძიმდება პატრიარქის ჯანმრთელობა

[highlight color=”red”]იანვარი, 2017

ვრცელ ინტერვიუს აძლევს “კვირის პალიტრას” იოსებ ოხანაშვილი, სადაც საუბრობს იმაზე, რომ პატრიარქის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებამ გამოიწვია ზოგიერთი მღვდელმთავრის გაღიზიანება, რადგან მისი თქმით, დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები, აპირებდნენ უსაფრთხოების სკანერების დადგმას სამების საკათედრო ტაძარშიც ა.შ.

[highlight color=”red”]15 იანვარი, 2017

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი არჩილ გამზარდია, რომელსაც 2015 წელს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გადაცემა “20/30” მიყავდა ტელეკომპანია “ჯიდიესზე”, ფეისბუკში ავრცელებს ინფორმაციას, რომ იგეგმება პატრიარქის ქორეპისკოპოსის იაკობ იაკობიშვილის ლიკვიდაცია და პოტენციურ მკვლელად ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ასახელებს, მისი ინფორმაციით, თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცერს.

[highlight color=”red”]2 თებერვალი, 2017

პატრიარქი კვლავაც სამკურნალოდ მიჰყავთ გერმანიაში.

[highlight color=”red”]8 თებერვალი, 2017

არჩილ გამზარდია ფეისბუკში აქვეყნებს კიდევ ერთ პოსტს, რომელშიც წერს: “ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე, სადაც პატრიარქის მოკვლა უნდოდათ, რაც ადვილად გასაღდებოდა ბუნებრივად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჩავთვალოთ, რომ სიზმარში გავიგე, როგორ უპირებდნენ პატრიარქს ოპერაციის ჩატარებას საქართველოში, როგორ გაუმზადეს მას მაგიდაც კი საოპერაციო, როგორ მზადდებოდა მისი ლიკვიდაცია. ახლა კი ამას ქვეყნის გარეთ ცდილობენ. ჩათვალეთ, რომ მეჩვენება, მთავარია ვთქვათ და გამოვთქვათ, რომ ძალიან ფრთხილად მიუდგეს სპეცსამსახურებიც, სინოდის დაინტერესებული წევრებიც იმას, რასაც პატრიარქის უსაფრთხოება ჰქვია. ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ცოცხალი საქართველოში”.

[highlight color=”red”]10 თებერვალი, 2017

დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზი გიორგი მამალაძე

გერმანიაში მიმავალ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის აეროპორტში პროკურატურა აკავებს, რომელსაც, გამოძიების ცნობით, აღმოაჩნდა ჩხრეკისას მომწავლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რომლითაც პროკურატურის მოწმის ჩვენების მიხედვით, უნდა მოეკლა “მაღალი იერარქიის სასულიერო პირი”.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის – მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას მოადგილეა. ხელმძღვანელობს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს. გასულ წლებში მსახურობდა ეპარქიაში, რომელსაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ხელმძღვანელობს.

[highlight color=”red”]13 თებერვალი, 2017

პროკურატურა მამალაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად  ავრცელებს, როდესაც ბერლინში პატრიარქს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია უტარდება. წინა დღით ეს ინფორმაცია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა “რუსთავი 2”-მა.

საქმის დეტალებს პროკურატურა არ ასაჯაროებს და გაუთქმელობის ხელწერილებს აფორმებს ბრალდებულის ადვოკატებთანაც კი. ამის მიუხედავად, თავად ბრალდებულისგან სახალხო დამცველის მეშვეობით ცნობილი ხდება, რომ საქმეში არ ფიგურირებს სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება. ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომელიც ამ საქმესთან შემხებლობაში არაა, პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ბრალის დადგენილებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი, რომელიც ასევე ბერლინში იმყოფება პატრიარქთან ერთად.

[highlight color=”red”]14 თებერვალი, 2017

რუსთავი 2-ისთვის ცნობილი ხდება, რომ საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერი დეკანოზ გიორგი მამალაძის, რომელიც ფარულად ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა, რომელიც თავის მხრივ “პრაიმტაიმთან” თანამშრომლობს.

მამალაძე ადასტურებს, რომ ის ამ საქმის მთავარი მოწმეა და ამასთან აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მას პერიოდულად გადასცემდა საპატრიარქოში არსებულ სკანდალურ მასალებს, რომელსაც ის სხვადასხვა ბეჭდური მედიის მეშვეობით აქვეყნებდა.

პარალელურად მედიაში ვრცელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით წერილი, რომელშიც ეკლესიის ქონების დასაკუთრების გამო მწვავე დაპირისპირებაზეა საუბარი მასსა და ქორეპისკოპოს იაკობ, ასევე, შორენა თეთრუაშვილს შორის. მოგვიანებით ამ შინაარსის წერილის არსებობას ადასტურებს მიტროპოლიტი პეტრე, რომელიც კიდევ ერთხელ საპატრიარქოში ქონების დატაცებასა და სხვა “დანაშაულებში” ამხელს შორენა თეთრუაშვილსა და ქორეპისკოპოს იაკობს ღია სატელევიზიო ეთერში.

შორენა თეთრუაშვილს ამ საკითხებზე პრესასთან ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, ის “პირველი არხთან” საუბარში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის ბრალდებები, რაზეც მიტროპოლიტი პეტრე საუბრობს, მას არ ეხება და “სხვა ადამიანზეა საუბარი”.

მიტროპოლიტი პეტრე მთელ ამ პროცესებში რუსეთის როლზეც საუბრობს და მათ საყრდენ ძალად სწორედ თეთრუაშვილს  ასახელებს.

ვინ და როგორ ხდება პატრიარქი?

ეს არის კითხვა, რომელიც მუდმივად ისმება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რაც ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა პერიოდულად უარესდება ხოლმე.

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.

სინოდის სხდომა. ფოტო: საპატრიარქო

სინოდის სხდომა. ფოტო: საპატრიარქო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.

პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.

წმ. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც. სინოდი ამჟამად 47 წევრისგან შედგება.

საპატრიარქოსამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. გაფართოებულ კრებაში მონაწილეობას სინოდის ყველა წევრის გარდა იღებს ყველა ეპარქიიდან მოწვეული 2 სასულიერო და 1 საერო პირი, თითოეული მონასტრიდან, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატი, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან 4 დელეგატი და მცხეთა -თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან.

გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, როშელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

[checklist]

  • ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,
  • უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,
  • უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,
  • ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,
  • უნდა იყოს ბერი.

[/checklist]

ილია მეორე და მისი პირადი მცველები. ფოტოს ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს 2015 წელს

ილია მეორე და მისი პირადი მცველები. ფოტოს ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს 2015 წელს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი