ახალი ამბები

გავრცელებული წერილის მიხედვით, მიტროპოლიტი სერაფიმე უარს ამბობს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე

21 იანვარი, 2017 • 3506
გავრცელებული წერილის მიხედვით, მიტროპოლიტი სერაფიმე უარს ამბობს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე

გავრცელებული წერილის მიხედვით, ბორჯომ-ბაკურიანის ყოფილი ეპისკოპოსი სერაფიმე ჯოჯუა, რომელიც გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად უნდა დანიშნულიყო, აცხადებს, რომ აღარ სურს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრება და მიმდინარე მოვლენებს ეთიშება.

ამ შინაარსის წერილს სოციალურ ქსელ ფეისბუქში არქიმანდრიტი სერაფიმე ბით-ხარიბი ავრცელებს. წერილის შინაარსი ასეთია:

“ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას, რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების შემოტანისა. ამიტომაც უარს ვამბობს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე.

მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო. მადლობას ვუხდი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყველა სასულიერო პირს და მრევლს მიუხედავად, მათი პოზიციისა და ყველას გთხოვთ: დღეს ჩემი მხარდაჭერა არის ყოველგვარი მიტინგებისა და გამოსვლებისგან თავის შეკავება, ხოლო ვინც საპირისპიროს მოქმედებს და გააკეთებს, ზიანს მოუტანს ყველას.

ჩვენ ყველანი უნდა დავრჩეთ საქართველოს ეკლესიის ერთგულ შვილებად და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა თავისი ნაბიჯი უნდა გადადგას”, – წერია წერილში, რომელიც დღეს, 21 იანვარს გავრცელდა.

სერაფგიმე ჯოჯუას წერილი

“ნეტგაზეთი” შეეცადა წერილის აუთენტურობა საპატრიარქოში გადაემოწმებინა, თუმცა საპატრიარქოდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.


დღეს, 21 იანვარს ბორჯომში დაგეგმილია აქცია ყოფილი ეპისკოპოსის მხარდასაჭერად. სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი 2016 წლის აპრილიდან აღარ არის. საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მისი პირადი თხოვნა დაასახელა, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირმა.

2017 წლის 17 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერაფიმე ჯოჯუა ინიშნებოდა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად, რამაც იმ მომუშავე სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტი გამოიწვია. მათ არ სურდათ, რომ “უმძიმესი ბრალდბების” გამო სერაფიმე გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი