ახალი ამბები

სინოდმა მიტროპოლიტ სერაფიმეს მღვდელმოქმედება აღუდგინა და ფინანსური დახმარება დაუნიშნა

11 ოქტომბერი, 2017 • 35623
სინოდმა მიტროპოლიტ სერაფიმეს მღვდელმოქმედება აღუდგინა და ფინანსური დახმარება დაუნიშნა

დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე განიხილეს მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას საკითხი.

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ოქმის მიხედვით, მიტროპოლიტ სერაფიმეს აღუდგა მღვდელმოქმედება, იგი გამწესდა მამათა მონასტერში და საპატრიარქოსგან ყოველთვიურად მიიღებს ფინანსურ დახმარებას.

“მეუფე სერაფიმემ თვითონ ითხოვა, რომ მე არ მინდა აყალმაყალი და წავალ სადმე მშვიდად მონასტერშიო,” – განაცხადა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ.

მიტროპოლიტ იოანეს თქმით, მიტროპოლიტი სერაფიმე იმ მონასტერში იმოღვაწებს, რომელსაც თავად შეარჩევს.

მიტროპოლიტი სერაფიმე ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. ნეტგაზეთი გოგონას ოჯახის წევრსაც ესაუბრა, თუმცა მან საჯარო საუბარი არ ისურვა და საპატრიარქოს ქმედებებს დაელოდებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს გახდა მისი ეპარქიიდან წასვლის მიზეზი.

მიტროპოლიტ სერაფიმეს მოწინააღმდეგეები ბორჯომის გარდა ავსტრიასა და გერმანიაშიც გამოუჩნდნენ. 2017 წლის 17 იანვარს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად ინიშნებოდა იქ მომუშავე სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა პროტესტი გამოთქვა – მათ არ სურდათ, რომ “უმძიმესი ბრალდებების” გამო სერაფიმე გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრებულიყო.

სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის შემდეგ მიტროპოლიტმა გაავრცელა განცხადება, რომ იგი უარს ამბობდა გერმანიაში გამგზავრებაზე.

2017 წლის 21 იანვარს ბორჯომში მართლმადიდებელი მრევლის ნაწილის აქცია ბორჯომ-ბაკურიანის ყოფილი ეპისკოპოსის, სერაფიმე ჯოჯუას ეპარქიაში დაბრუნების მოთხოვნით გამართა.

ბორჯომის ცენტრში შეკრებილი აქციის 200-ზე მეტი მონაწილე აცხადებდა, რომ სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლა უკავშირდებოდა “კონკრეტული პირების მიერ მასზე ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას”. ისინი აცხადებენ, რომ კონკრეტული პირებისა და, შესაძლოა, ხელისუფლების ინტერესებშიც შედიოდა ის, რომ მიტროპოლიტი ეპარქიაში არ ყოფილიყო.

მიტროპოლიტ სერაფიმეს მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ მას ცილს სწამებენ და არასრულწლოვნისთვის მიწერილი მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ისინი ამბობენ, რომ გაყალბებულია.

სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი 2016 წლის აპრილიდან აღარ არის. საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად მისი პირადი თხოვნა დაასახელა, თუმცა არ აკონკრეტებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასულიერო პირმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი