ახალი ამბები

“თუ ბრალდება უსუსურია, რატომ ტოვებს ეპარქიას მეუფე სერაფიმე?” – ბორჯომის მრევლის ნაწილის წერილი

23 იანვარი, 2017 • 4497
“თუ ბრალდება უსუსურია, რატომ ტოვებს ეპარქიას მეუფე სერაფიმე?” – ბორჯომის მრევლის ნაწილის წერილი

მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებულ კონფლიქტზე ბორჯომის მრევლის ნაწილი განცხადებას ავრცელებს. მრევლის ეს ნაწილის სვამს კითხვას, “21-წლიანი ეპარქიის ხელმძღვანელობის შემდეგ, თუ ეს ყველაფერი უსუსური ბრალდება და ცილისწამებაა, რატომ ტოვებს ეპარქიას მეუფე სერაფიმე ჯოჯუა”. წერილი სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა:

„ბორჯომში თვეების წინ მოვლენები ასე განვითარდა: მეუფე სერაფიმე ჯოჯუა, ამხილეს რა ადამიანისათვის და, მით უმეტეს, მიტროპოლიტისათვის შეუსაბამო საქციელში, სასწრაფოდ ტოვებს ეპარქიას. ეპარქიაში ხალხი იწყებს ქუჩაში გამოსვლას და მოითხოვს მეუფის უკან დაბრუნებას”, – ვკითხულობთ წერილში, რომლის ავტორებიც აცხადებენ, რომ იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და მოითხოვენ პასუხს ზოგიერთ კითხვაზე:

21-წლიანი ეპარქიის ხელმძღვანელობის შემდეგ, თუ ეს ყველაფერი უსუსური ბრალდება და ცილისწამებაა, რატომ ტოვებს ეპარქიას მეუფე სერაფიმე ჯოჯუა.

თუ იგი მართლა დამნაშავეა, რატომ უნარჩუნებს საპატრიარქო ხარისხს და აგზავნის გერმანიის და ავსტრიის ეპარქიების ხელმძღვანელად.

რატომ არ ღებულობს კონკრეტულ პიროვნებას გერმანია-ავსტრიის სასულიერო დასი და მრევლი (გაეცანით მამა თამაზ ლომიძის წერილს).

მრევლისაგან, რომელიც სერაფიმე ჯოჯუას დამცველად ევლინება, რატომ მოდის ამდენი ბილწსიტყვაობა, მუქარა, თითის გაშვერა, რატომ დუმს ამაზე კომპეტენტური ორგანო?

კატეგორიულად ვითხოვთ, დაუდასტურონ ყველა ის ბრალდება ჩვენს მამაოებს, რომლებიც ეს დღეებია ვრცელდება სოციალური ქსელებით.

თუ მართალია ყოფილი მიტროპოლიტი და ეს ყველაფერი ცილისწამებაა, გაარკვიოს სასამართლომ და მას აღუდგეს ხარისხი და დააბრუნონ ეპარქიაში, ხოლო თუ ეს ასე არაა, ვითხოვთ, პასუხი აგოს ყველამ იმ ცილისწამებაზე, რაც ეს დღეებია ტრიალებს სოციალურ ქსელში ჩვენი სულიერი მამების მიმართულებით”.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამ პოსტს ხელს აწერს ასობით ადამიანი და ისინი ხელმოწერებს შესაბამის ორგანოში წარადგენენ.

აქვე წაიკითხეთ: გასაიდუმლოებული ბრალდებები ბორჯომის ყოფილ მიტროპოლიტზე და მისი მხარდამჭერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი