ახალი ამბები

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკომისიას ვაქცინებით დახმარებას სთხოვენ

31 მაისი, 2021 • 1142
საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკომისიას ვაქცინებით დახმარებას სთხოვენ

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართეს ერთობლივი წერილით, რომელშიც ევროკავშირს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას სთხოვენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრები ხაზს უსვამენ პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირის მიერ პარტნიორი ქვეყნებისადმი გაწეულ დახმარებას კოვიდ-19-თან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში, რაც პანდემიამ გამოიწვია.

წერილში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე ეტაპზე, პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი „ვაქცინების გაზიარების მექანიზმი“ გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად, ამ ქვეყნებს დაეხმარება, დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი. მთავრობის ხელმძღვანელები გამოთქვამენ მზაობას, გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით.

ევროკავშირის წევრი სახელმიწფოების დედაქალაქები ნერგავენ შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების გაზიარების პრაქტიკას. მაგალითად, ავსტრია კოორდინაციას უწევს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის 650 000 დოზა აგვისტოსთვის მიიღონ ბოსნია-ჰერცოგოვინამ, ალბანეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, კოსოვომ, მონტენეგრომ და სერბეთმა. თავად ევროკომისიას არ აქვს არცერთი ცალი ვაქცინა. აპრილის ბოლოს საფრანგეთმა 105 000 დოზა ვაქცინა გადასცა მავრიტანიას, ივნისის შუა რიცხვებისთვის ეს რაოდენობა ნახევარ მილიონამდე უნდა გაიზარდოს. იგივე გეგმები აქვთ ესპანეთს, პორტუგალიას, შვედეთსა და დანიას. ევროკომისიის პრეზიდენტმა შეაქო რუმინეთი, რომელიც მოლდოვას ეხმარება.

საქართველოსთვის ვაქცინებსი გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს ლიეტუვამ და პოლონეთმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი