ახალი ამბები

„ვერავინ გაბედავს მოქალაქეებისთვის ვადაგასული ვაქცინის შეთავაზებას” — კულუმბეგოვი

23 თებერვალი, 2022 • 1843
„ვერავინ გაბედავს მოქალაქეებისთვის ვადაგასული ვაქცინის შეთავაზებას” — კულუმბეგოვი

იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ნეტგაზეთთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ამ დროისთვის არსებულ ყველა ვაქცინას აქვს ვადა და მოქალაქეებს ამ კუთხით კითხვის ნიშნების ქონის საფუძველი არ გააჩნიათ.

კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის ფაიზერის წარმოებული 400 000 დოზა ვაქცინაა, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს.

როგორც კულუმბეგოვი ამბობს, სწორედ ვადის გასვლის გამო გასული წლის დეკემბერში ქვეყანამ 17 500 დოზა „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინა ამოიღო ხმარებიდან და გადაყარა. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს,  შენახვის ორწლიანი ვადა აქვს.

“ვერც ერთი სამედიცინო სტრუქტურა და, მით უმეტეს, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაბედავს, მოქალაქეებს ვადაგასული ვაქცინა შესთავაზოს. ეს სრული ნონსენსია. ამ გადაწყვეტილებებს იღებს ამერიკის დაავადებათა კონტროლი, ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტო და ა.შ. ეს არ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი