ახალი ამბები

გასულ წელს ყველზე მეტი, 5.5 მლნ ლარი, პრემია სებ-ის თანამშრომლებზე გაიცა — IDFI

28 მაისი, 2021 • 1595
გასულ წელს ყველზე მეტი, 5.5 მლნ ლარი, პრემია სებ-ის თანამშრომლებზე გაიცა — IDFI

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ინფორმაციით, გასული წელს 44 საჯარო უწყების თანამშრომლებზე პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 21 მლნ ლარზე მეტი გაიცა.

IDFI-მ საჯარო უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია დღეს, 28 მაისს გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის პერიოდში 100 უწყებას მიმართეს, მათგან მხოლოდ 77 დაწესებულებისგან მიიღეს მეტნაკლებად სრული ინფორმაცია. IDFI საჯარო დაწესებულებებისგან ითხოვდა 2020 წელს თანამდებობის პირებზე, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციას.

მათი ინფორმაციით, 2020 წელს კვლევის ობიექტი 77 უწყებიდან საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან/და სახელფასო დანამატი გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში, სულ, 21.5 მილიონი ლარი, საიდანაც ფულადი ჯილდოს ოდენობაა 9.5 მილიონი ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის — 12 მილიონი ლარი.

ორგაიზაციის ცნობითვე, გასულ წელს გაცემული ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატის დიდი ნაწილი ისეთ უწყებებზე მოდის, რომლებზეც არ ვცერლდება სამი წლის წინ მიღებული კანონი, რითაც საჯარო უწყებებში პრემიებისა და დანამატების გაცემის წესი დარეგულირდა. კერძოდ, წლის განმავლობაში გაცემული სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობა წლიური ხელფასის 20%-ით, ხოლო ფულადი ჯილდო (პრემია) – წლიური ხელფასის 10%-ის ოდენობით შემოიფარგლა. კანონი არ გავრცელდა ძალოვანი უწყებების სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე და მოსამსახურეებზე და სხვა.

“2020 წელს ყველაზე მეტი თანხა საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს (პრემიის) სახით გასცეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5,5 მილიონი ლარი) და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა  კომისიამ (3 მლნ ლარი); ხოლო სახელფასო დანამატის სახით  – საქართველოს პროკურატურამ  (3,5 მილიონი ლარი) და  სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა – (2,3 მილიონი ლარი).

– ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა 2020 წელს პრემიის სახით მიიღო 218 176 ლარი. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა 2020 წელს, ჯამში, 128 208 ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯამში, 94 760 ლარი.

-საქართველოს პროკურატურაში, თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა  731 60 ლარი , ხოლო  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში – 228 440 ლარი”,-ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

წყარო: IDFI

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებულ პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს იმ უწყებების სახელფასო პოლიტიკა, რომლებზეც არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის მოქმედება. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის და მარეგულირებელი ორგანოების მიერ 2020 წელს წარმოებული სახელფასო პოლიტიკა, ნაკლებად თანხვედრაშია, პანდემიის შედეგად ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან.

ამის საფუძველზე ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს მის გავრცელებას ყველა საჯარო დაწესებულებაზე;
  • პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ უწყებებს მიეცეთ  სახელფასო ფონდის ზრდის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა ზეგანაკვეთური სამუშაოს ადეკვატურ ანაზღაურებას;
  • საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებში არსებული სახელფასო პოლიტიკის ეფექტიანი მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციით საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი