ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის “ინდურ შტამზე”

28 მაისი, 2021 • 1940
რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის “ინდურ შტამზე”

მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველოში COVID-19-ის ე.წ. ინდური შტამის 5 შემთხვევაა აღრიცხული. ინფიცირებულთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა, 3 კი, რომელთაც ქვეყანა უკვე დატოვეს — უცხოეთის.

რას წარმოადგენს “ინდური შტამი”, რით განსხვავდება ის დანარჩენი ვარიანტებისგან და როგორია არსებული ვაქცინების ეფექტიანობის მაჩვენებელი მის წინააღმდეგ?

აქ არის ის, რაც უნდა იცოდეთ:

რა არის “ინდური შტამი”?

ე.წ. ინდური შტამი მორიგი ვარიაციაა ვირუსისა, რომელიც COVID-19-ს იწვევს. მისი ოფიციალური სახელია “B.1.617”. ვირუსის ეს ვარიანტი თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა და ასე მიიღო მეორე, არაოფიციალური სახელწოდება.

ამ დროისთვის ხსენებული ვარიანტის სამი ქვეტიპია გამოვლენილი: B.1.617.1, B.1.617.2, და B.1.617.3.

ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ პროცესის შედეგად წარმოქმნილ ვარიანტთა უმეტესობა დიდი მნიშვნელობით არ გამოირჩევა.

თუმცა, სპეციალისტთა დაკვირვებით, “ინდური შტამი” ე.წ. საცეცი ცილის მუტაციებით ხასიათდება, რაც მის მნიშვნელობას ზრდის.

საცეცი ცილა (spike protein) ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.

ზემოხსენებულ ცილაში მუტაციები — რომლებიც “ინდური ვარიანტის” შემთხვევაში არაერთგზის გამოვლინდა — შეიძლება, ასოცირებული იყოს ვირუსის ამა თუ იმ შტამის უფრო სწრაფ გავრცელებასთან.

მაისში “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” აღნიშნული შტამი შეიყვანა ვირუსის იმ ვარიანტთა სიაში, რომლებიც შეშფოთების საფუძველს იძლევა.

ჯანმო დასძენს, რომ წინასწარი კვლევების თანახმად, “ინდური შტამი” გადადების გაზრდილი მაჩვენებლით ხასიათდება, თუმცა ეს შედეგები საბოლოო არ არის.

“ინდური შტამი” უფრო სწრაფად ვრცელდება?

მეცნიერების ხელში ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, “ინდური შტამი” უფრო მარტივად ვრცელდება, ვიდრე, მაგალითად, ე.წ. ბრიტანული ვარიანტი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან არსებული სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს თანახმად, არსებობს “რეალური შესაძლებლობა”, რომ “ინდური შტამი” ე.წ. ბრიტანულ შტამზე 50%-ით უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს.

BBC-ის თანახმად, COVID-19 “ინდური შტამით” ინფიცირებულთა კონტაქტების 12%-ზე მეტს განუვითარდა, ბრიტანულის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 8%-ს შეადგენდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ მაჩვენებელზე არა მხოლოდ ვირუსის ხასიათი, არამედ ადამიანთა აქტივობებიც მოქმედებს.

თუმცა ეს გარემოება არ ამსუბუქებს მოლოდინებს ბრიტანეთში, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, “ინდური შტამი” საწყის პოზიციაზე მოექცეს ქვეყნის შიგნით გავრცელების მაჩვენებლით. ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მისი რამდენიმე ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.

ეჭვები მყარდება იმ ფონზე, როცა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბრიტანეთში ვირუსის ახალ შემთხვევათა 75%, შესაძლოა,  სწორედ “ინდურ შტამზე” მოდიოდეს.

ამ ფონზე, არაერთმა ქვეყანამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა მიმართ სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა. მსგავსი შეზღუდვები მანამდე ინდოეთის მიმართაც ამოქმედდა.

“ინდური შტამი” უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის?

ამჟამად არსებული მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას, ვიმსჯელოთ, იწვევს თუ არა აღნიშნული შტამი უფრო მძიმე ავადობას ან ზრდის თუ არა ინფიცირების შემთხვევის ფატალურად დასრულების შესაძლებლობას.

თუმცა ინფექციური დაავადებების ექსპერტი რაინა მაკინტაირი “ავსტრალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ არსებობს “გარკვეული მონაცემები”, რომელთა თანახმადაც, აღნიშნული შტამი, შესაძლოა, განსხვავებული სიმპტომებით ხასიათდებოდეს.

”ინდოეთიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ვარიანტს შეიძლება ჰქონდეს ატიპური კლინიკური გამოვლინებები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, პირღებინება, დიარეა და სმენის დაქვეითება, აგრეთვე ტემპერატურის არარსებობა”, — თქვა მან.

თუმცა ამ და სხვა დეტალებზე დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად დრო და კიდევ არაერთი კვლევაა საჭირო.

რამდენად ეფექტიანია ვაქცინა “ინდური შტამის” წინააღმდეგ?

დამატებითი კვლევები ამ მიმართულებითაც არის საჭირო, თუმცა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” პოზიცია დამაიმედებელია: ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგი დასძენს, რომ ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ეფექტიანია COVID-19-ის ვარიანტების, მათ შორის, ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ.

ჯანმოს მიერ, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო 5 ვაქცინაა ავტორიზებული: “ფაიზერი”, “ასტრაზენეკა”, “მოდერნა”, “ჯონსონ&ჯონსონი” და “სინოფარმი”.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ასევე დაადასტურა, რომ დამაიმედებელია სურათი “ინდური შტამის” წინააღმდეგ ჩინური ვაქცინების ეფექტიანობის კუთხით.

იმავეს ამბობს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.

რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს: დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ე.წ. ინდური შტამის ერთ-ერთი ქვეტიპის — B.1.617.2-ის —  წინააღმდეგ “ფაიზერის” ეფექტურობის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს, მეორე დოზით აცრიდან 2 კვირის შემდეგ.

რაც შეეხება “ასტრაზენეკას”, ორჯერადი აცრის შემდეგ მან 60%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ეს შედეგი გაცილებით დაბალია მხოლოდ 1 დოზით აცრის შემდეგ და 33%-ს შეადგენს როგორც “ფაიზერის”, ისე “ასტრაზენეკას” შემთხვევაში.

საგულისხმოა, რომ ორივე ვაქცინა უფრო მაღალ ეფექტურობას აჩვენებდა ე.წ. ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგ.

ინდოეთის კოვიდ-კრიზისის უკან ეს შტამი დგას?

Covid-19-ის მეორე ტალღა დრამატულად საზიანო აღმოჩნდა ინდოეთისთვის. მაისის მეორე ნახევრის მონაცემებით, ინფიცირებულთა ჯამური ოდენობა ქვეყანაში 27 მილიონს შეადგენს. 300 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ექსპერტთა თქმით, რეალური რიცხვები მნიშვნელოვნად დიდია.

ბოლო მონაცემები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კლებას აჩვენებს, თუმცა იმაში, რაც უკვე მოხდა, ზოგიერთი ე.წ. ინდური შტამის კვალს ხედავს.

ამ ეჭვის დამადასტურებელი მონაცემები ამ დროისთვის არ მოიპოვება. როგორც New York Times წერს, ინდოეთის გარეთ მოღვაწე მკვლევრები ამბობენ, რომ შეზღუდული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობა უფრო მეტად B.1.1.7-ის (ე.წ. ბრიტანეთის შტამი) გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

რა ვითარებაა მსოფლიოში?

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მონაცემებით, ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოს მასშტაბით 53 ტერიტორიაზეა გამოვლენილი.

მეორე მხრივ, COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების ჯამური მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით კვლავ იკლებს.

მაგალითად, გასულ კვირას მსოფლიოში ვირუსის 4.1 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 84 000 ადამიანი კი დაიღუპა. ამ მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი კვირიდან კვირამდე 14%-ით შემცირდა, გარდაცვალებისა კი — 2%-ით.

მიუხედავად ამისა, WHO მოქალაქეებს აფრთხილებს:

“ბოლო 4 კვირის მანძილზე გლობალური კლების მიუხედავად, Covid-19 შემთხვევების სიხშირე და სიკვდილიანობა კვლავ მაღალია, ბევრ ქვეყანაში კი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა”.

რა რისკია საქართველოსთვის?

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” წერილობით უპასუხა,  სიეტლის ვაშინგტონის  უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) პროგნოზირებით, საქართველოში 90-100%-ის შემთხვევაში კორონავირუსის “ბრიტანული შტამი” ცირკულირებს.

კითხვაზე, “ინდური შტამის” გავრცელების რა რისკი არსებობს საქართველოსთვის, გამყრელიძემ გვიპასუხა:

“დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში თანდათან იმატებს ვირუსის “ინდური ვარიანტი”. მომავალში გამორიცხული არაფერია, რადგან გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, აიცრან, ასევე, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები, მათ შორის, შეკრებებთან და პირბადებთაან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილონ ვირუსით ინფიცირება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი