პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” გამოკითხვას ატარებს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

ოქრიაშვილის თქმით, კვლევა უკვე დაწყებულია და შედეგები მომავალ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი.

“არის აზრთა სხვადასხვაობა როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში”, ისე ჩვენს პარტიაში —”პროგრესში” და, რაც მთავარია, აზრთა სხვადახვაობა დაფიქსირდა ჩვენს ამომრჩეველშიც. ამიტომ ახლა უკვე მიმდინარეობს ეროვნული მასშტაბის კვლევა, დაახლოებით 2 200 კაცს მოიცავს და ჩვენ გვეცოდინება, რას ფიქრობს ჩვენი ამომრჩეველი. ეს კვლევა არის დაწყებული და ამ კვლევაში, გარდა ტრადიციული კითხვებისა, არის კითხვა — როგორ ფიქრობთ, გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შევიდეთ პარლემენტში თუ არა და ა.შ. იქაც არის გაშლილი ეს კითხვები[…] მე ვფიქრობ, სამშაბათს-ოთხშაბათს ეს ყველაფერი უკვე უნდა გამოჩნდეს და ჩვენ შედეგები უნდა ვიცოდეთ. წინასწარი შედეგები მე ვიცი, მაგრამ არ გავაჟღერებ, იმიტომ, რომ ჯერ მიმდინარეობს ველი”, — განაცხადა ოქრიაშვილმა.

19 აპრილს ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა და პარლამენტში შევიდა. პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს “ლეიბორისტული პარტია” და “ევროპული საქართველო”. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ბლოკს კი ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.